11 ოქტომბერი 2024,   21:15
ვრცლად
იმაზე იფიქროს, რას გააკეთებს იმპიჩმენტის შემდეგ - ოპოზიციას მიაჩნია, რომ პრეზიდენტმა შეწყალების სკანდალზე პასუხი უნდა აგოს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების კრიტერიუმების და წესის შემუშავებას ოპოზიცია დაგვიანებულად მიიჩნევს. როგორც ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ სალომე ზურაბიშვილმა უკვე მიყენებული ზიანის გამო უნდა აგოს პასუხი:

"ჯერ ამ სამარცხვინო პრეზიდენტმა, ივანიშვილის მიერ შერჩეულმა, პასუხი უნდა გასცეს იმას, როცა მან მიაყენა შეურაცხყოფა საზოგადოებას, როცა შეიწყალა მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული ადამიანები. წესი ახლა რომ შეიმუშავა, კი ბატონო, ნორმალურია, რომ რაღაც წესი უნდა ქონდეს პრეზიდენტს, რომ საზოგადოებას უთხრას რა კრიტერიუმებით შეიწყალა, მაგრამ ცოტა გვიან არის ეგ ამბავი, იმიტომ, რომ უკვე ეს ზიანი ამ ადამიანმა მოიტანა და ნდობა იმის, რომ ის ამ წესებს გაჰყვება არის ნულოვანი,"- განაცხადა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

სალომე ზურაბიშვილს თანამდებობის დატოვებას ურჩევს "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე:

"სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ თვითონ არის ქმედუუნარო, პრეზიდენტის ფუნქციას ვერ ასრულებს და რაღაცები უნდა შეიზღუდოს მის ფუნქციაში. ეს არის სამარცხვინო და ამას ჯობია დაწეროს განცხადება და წავიდეს სახლში. სჯობს ლობიო ჭამოს, ვიდრე ინიციატივებით გამოვიდეს," - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის"წევრს თინა ბოკუჩავას მიაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილის პირობებში წესის შეცვლას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ჯობია ზურაბიშვილმა იმაზე იფიქროს, თუ რას გააკეთებს იმპიჩმენტის შემდეგ:

"უნდა შეიცვალოს, გაფართოვდეს, უნდა გახდეს უფრო გამჭვირვალე, მაგრამ ამ ე.წ ფსევდო პრეზიდენტის პირობებში რა თქმა უნდა წესის შეცვლას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. სალომე ზურაბიშვილმა ჩემი აზრით უფრო მეტი დრო უნდა დახარჯოს იმაზე, რომ იფიქროს, რას გააკეთებს იმპიჩმენტის შემდეგ, რაც დარწმუნებული ვარ, რომ მოხდება მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვა ნორმალური გუნდი,"- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების ახალ წესზე მუშაობა დაასრულა. კრიტერიუმები დადგენილია, თუმცა როდიდან განახლდება მსჯავრდებულთა შეწყალება ჯერჯერობით უცნობია,

ახალი წესებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირების შეწყალება რთულდება, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულების საქმეების განხილვა გამარტივდა.

როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია შეწყალებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, პრეზიდენტი თითოეულ საქმეზე გაივლის კონსულტაციას შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და დარგის სპეციალისტებთან და თავის უფლებამოსილებას გამოიყენებს განსაკუთრებული საქმეების შემთხვევაში, რაც შეწყალების აქტების რაოდენობას საგრძნობლად შეამცირებს.

დღის ამბები