18 ნოემბერი 2024,   06:49
ვრცლად
შეწყალების კომისიის არსებობა, პროცესს მეტად დააზღვევდა - ვახუშტი მენაბდე

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის" დირექტორის ვახუშტი მენაბდეს განცხადებით, პრეზიდენტის შეწყალების ახალ წესში მნიშვნელოვანი იქნებოდა, შეწყალების კომისიის არსებობა გათვალისწინებულიყო.

მენაბდის შეფასებით, ამ შემთხვევაში, პრეზიდენტი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთპიროვნულად ვერ იმოქმედებდა.

"პრეზიდენტი გადაწყვეტილებას საბოლოო ჯამში თვითონ იღებდა, მთელი პასუხისმგებლობა მასზე იყო და ეს შემთხვევა იქნება თუ სხვა შემთხვევა, აქაც მასალებს ვიღაც მოუმზადებს. შეწყალების კომისია მეტი ჩართულობის საშუალებას იძლეოდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ასევე, იძლეოდა იმ შესაძლებლობა, რომ არა მხოლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოხარშუალიყო ეს გადაწყვეტილება, არამედ გარე პირებსაც ჰქონოდათ მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. ეს საკითხი, როგორც ჩანს, მოქმედმა პრეზიდენტმა სხვანაირად გადაწყვიტა," - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

პრეზიდენტმა შეწყალების ახალ წესზე მუშაობა დაასრულა, მაგრამ მთავარი კითხვები ისევ უპასუხოდ რჩება. როდის შეიწყალებს სალომე ზურაბიშვილი პატიმრებს, რომლებიც შეწყალებას, მორატორიუმის გამოცხადების შემდეგ, უკვე 2 თვეა ელოდებიან.

კიდევ ერთი მთავარი კითხვა, ეხება შეწყალების კომისიის შექმნას. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ერთი დღის წინ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი შეწყალების კომისიაზე. აპირებს თუ არა ზურაბიშვილი მის მიერ გაუქმებული კომისიის ხელახლა ჩამოყალიბებას, თუ საბოლოო გადაწყვეტილებას ისევ ერთპიროვნულად მიიღებს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ შეწყალების აქტების რაოდენობა მცირდება. დადგინდება კრიტერიუმები, იქნება კონსულტაციები და ამოქმედდება ელექტონული პროგრამა.   

დღის ამბები