18 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
მსჯავრდებულთა შეწყალების ახალი წესი - საკანონმდებლო მაცნეში პრეზიდენტის ბრძანებულება გამოქვეყნდა

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება გამოქვეყნდა, რომელიც  გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებულად ითვლება, გარდა მე-3 მუხლის მე-7 პუნქტისა,რომელიც  პუნქტი 2021 წლის პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.

როგორც ბრძანებულებაშია აღნიშნული, შეწყალების უფლების გამოყენებისას მიზანშეწონილია გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი გარემოებები:

ა) დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის წარსული ცხოვრება, ოჯახური და ეკონომიკური პირობები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი, სასჯელის მოხდის ვადა, ნასამართლობა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის; წარსულში მის მიმართ შეწყალების აქტის გამოცემა; ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება აანაზღაუროს ზიანი ან შეურიგდეს დაზარალებულს; დაზარალებულის მოსაზრება; მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის გაცნობიერება და მონანიება;

ბ) მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული, რომელიც განსაკუთრებული საზოგადოებრივი საშიშროებით ხასიათდება; მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი წამება, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა; ოჯახური დანაშაული, ოჯახში ძალადობა, აგრეთვე, დანაშაული ჩადენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, ბავშვის ან სხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლის მიმართ;

გ) მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული პოლიციელის, გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის ან სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილის მიმართ, დაკავშირებული მათ მიერ სამსახურებრივი ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან;

დ) დანაშაული ჩადენილი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიერ, რომელიც სასჯელს იხდის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 ან მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის გამო.

ასევე ნათქვამია,რომ საქართველოს პრეზიდენტისათვის მსჯავრდებულის შეწყალების საქმეს განსახილველად ამზადებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური, რომელიც უფლებამოსილია საქართველოს პრეზიდენტს განსახილველად წარუდგინოს იმ მსჯავრდებულის საქმე, რომელიც სასჯელს იხდის უვადო თავისუფლების აღკვეთისა და ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით, ასევე, რომელიც სასჯელს იხდის ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით და სასჯელის ნაწილი ჩათვლილი აქვს პირობით მსჯავრად.

სამსახური საქართველოს პრეზიდენტს განსახილველად წარუდგენს შეწყალების საქმეს:

ა) იმ პირის მიმართ, რომელიც მსჯავრდებულია საქართველოს სასამართლოს მიერ და სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე;

ბ) იმ პირის მიმართ, რომელიც მსჯავრდებულია უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ და სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. საქართველოს პრეზიდენტს არ წარედგინება იმ მსჯავრდებულის შეწყალების საქმე:

ა) რომელსაც შეეფარდა უვადო თავისუფლების აღკვეთა და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით 20 წელი;

ბ) რომელიც მსჯავრდებულია ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენისათვის და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ნახევარი;

გ) რომელიც მსჯავრდებულია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი;

დ) რომელიც მსჯავრდებულია არაუმეტეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთით და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ერთი მეოთხედი;

ე) რომელიც იყო მსჯავრდებული წინათ და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და არა აქვს მოხდილი პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი;

ვ) რომლის მიმართ წინათ გამოყენებულ იქნა ამნისტია ან შეწყალება და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი;

ზ) რომელიც სასჯელს იხდის პირობითი მსჯავრდებისას სასამართლოს მიერ დანიშნული გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ჩადენილი განზრახი დანაშაულისათვის და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი;

თ) რომელიც სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა პირობით ვადამდე და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი;

ი) რომლის საქმის განხილვა არ არის დასრულებული საქართველოს სამივე ინსტანციის საერთო სასამართლოში ან თუ არ არის გასული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა;

კ) რომელიც არ ითხოვს შეწყალებას.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდებულის შეწყალების საქმეს სამსახური საქართველოს პრეზიდენტს განსახილველად წარუდგენს იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენის დროს იყო არასრულწლოვანი.

ასევე ბრძანებულებაში ჩამოთვლილია ის დოკუმენტაცია, რომელსაც უნდა შეიცავდეს მსჯავრდებულის შეწყალების საქმე. ადმინისტრაცია, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით წერილობით მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებს, ასევე სხვა პირებს.

დღის ამბები