ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს საქართველოში გერმანიის ელჩი სტუმრობდა.
ჰუბერტ კნირში ტელევიზიაში სამუშაო პროცესს გაეცნო და “კურიერის“ სტუდია და ნიუსრუმი დაათვალიერა.
დიპლომატი არხის გენერალურ დირექტორს და საინფორმაციო სამსახურის უფროსს შეხვდა, რომლებთანაც კონკრეტულ პროექტებზე, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა. ელჩმა “რუსთავის 2“-ის მენეჯმენტს რეკომენდაციებიც მისცა.
“გავეცანი როგორ მუშაობთ სტუდიებში, ასევე ვნახე, როგორ დიდ ძალისხმევას დებს აქ მომუშავე პერსონალი ინფორმაციის მიწოდებისთვის. თქვენ სამსახურეობრივ საქმიანობაში წარმატებებს გისურვებთ. კარგი მედია არის დემოკრატიის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი. ვუსურვებ “რუსთავი 2“-ს მედიასივრცეში ლიდერობას“ - განაცხადა ჰუბერტ კნირშმა.
სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ ელჩთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
"ჩვენ ვესაუბრეთ ბატონ ელჩს იმის თაობაზე, თუ რას აკეთებს "რუსთავი 2" ამ ეტაპზე, როგორ დავძლიეთ ის კრიზისი, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეიქმნა ტელეკომპანიაში. ვისაუბრეთ ასევე იმ საკითხებზე, თუ რას აკეთებს ჩვენი ტელეკომპანია იმისთვის, რომ დააჩქაროს საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში, ევროპულ სტრუქტურებში. მან გაგვიზიარა თავისი გამოცდილება, მოგვცა გარკვეული რჩევები ამასთან მიმართებაში“ - განაცხადა პაატა სალიამ.