იუსტიციის საბჭოში უზენაესი სასმართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ლევან თევზაძის მოსმენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, სხდომის შემდეგ კლანურ მმართველობასა და ნეპოტიზმზე ისაუბრეს.
ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ პერფორმანსი მოაწყვეს სახელწოდებით - "მამამ შვილი მოაწყო". საბჭოს წევრების განცხადებით, არამოსამართლე წევრის ლევან გზირიშვილის შვილი, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩაირიცხა და ამისათვის მან საკუთარი კავშირები გამოიყენა.
"იუსტიციის სკოლაში ინიშნებიან ადამიანები, რომლებიც გახდებიან მოსამართლეები. ძირითადი პრინციპი არის კლანთან ახლობლობა. მაგალითად, დაინიშნა ლევან გზირიშვილის შვილი იუსტიციის სკოლაში. ის, რომ უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლე საჯაროდ აკრიტიკებს იუსტიციის საბჭოს კლანს, არის მორიგი და ძალიან ძლიერი დადასტურება, რამხელა ბრძოლა მიმდინარეობს სასამართლოს შიგნით," - აცხადებს ანა დოლიძე.
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხვა ნეპოტიზმის ნიშნით ხდება და სკოლაში საბჭოს წევრების ახლო ნათესავები ირიცხებიან. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი საუბრობს.
"ირაკლი შენგელია არ ესწრებოდა ლევან თევზაძის გასაუბრებას და სავარაუდოდ, მის კენჭისყრაშიც არ მიიღებს მონაწილეობას, მარგამ ლევან გზირიშვილს ჩაურიცხეს შვილი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, რაც იმას ნიშნავს, რომ გზირიშვილი სავარაუდოდ, მხარს დაუჭერს ლევან თევზაძეს," - აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.
თავად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, ლევან თევზაძე მის მიმართ გაკეთებულ ამ განცხადებებს მის საჯარო აქტიურობას უკავშირებს.
"ამ ჩემმა საჯარო აქტიურობამ აიძულა ისინი, რომ ჩემს მიმართ განახორციელონ ესეთი თავდასხმები“ - აცხადებს ლევან თევზაძე.