აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას დღესაც განაგრძობენ. დემონსტრანტების თქმით, წერტილოვანი დარტყმები გაგრძელდება და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა ხელისუფლებას მაქსიმალური დისკომფორტი შეექმნას.
აქციის მონაწილეები დეპუტატებს სირცხვილის კორიდორს უმზადებენ და აცხადებენ, რომ სესიის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.
"აღდგება საპარლამენტო მუშაობა, შესაბამისად განახლდება ჩვენი პროტესტი. ოპოზიციურ პარტიებს განაწილებული აქვთ პარლამენტის სამი შესასვლელი, მოძრაობა "სირცხვილია" კი, ფასადის მხრიდან შევაშველებთ ძალებს. სირცხვილის კორიდორი მოეწყობა დეპუტატებისთვის," - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა შოთა დიღმელაშვილმა.
"პოლიტიკური დისკომფორტი "ქართული ოცნების" ყველა მაღალი თანამდებობის პირს შეექმნება, ვიდრე თვალს არ გაუსწორებენ რეალობას და არ დააბრუნებენ მიტაცებულ პირობას, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ
"ევროპული საქართველოს" წევრის ირაკლი აბესაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს არ მიეცემათ საშუალება პარლამენტში კომფორტულად შევიდნენ.