"ქართული ოცნების" წევრის, მამუკა მდინარაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან, ცოტა ხნის წინ, ხმაური იყო. მდინარაძის ოფისთან მოძრაობა "გაბედეს" წევრები მივიდნენ, რომლებსაც ერთგვარი პერფორმანსის მოწყობა სურდათ. მოძრაობის წარმომადგენლები ბიუროსთან ე.წ. ვერცხლის მონეტებით მივიდნენ და განმარტეს, რომ ამით მამუკა მდინარაძისგან ქვეყნის გამოსყიდვა სურდათ.
მოძრაობა "გაბედეს" წევრებს ოფისთან მამუკა მდინარაძის მხარდამჭერები დახვდნენ და აქცია-პერფორმანსის ბოლომდე ჩატარების საშუალება არ მისცეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. ამ დროისთვის ვითარება განმუხტულია.
"მოვიტანეთ სიმბოლურად შოკოლადები, ვერცხლის სიმბოლიკით, იმიტომ რომ 41 ვერცხლად გაყიდეს ამათ ჩვენი ქვეყანა. პირველი ვინც გაყიდა, ეს იყო მამუკა მდინარაძე, ბიძინა ივანიშვილის რუპორი, ყველაფრის გამპრავებელი, მოძრაობა გაბედეს დისკრედიტაციის მცდელობაშია ეს ადამიანი შემჩნეული ბოლო სამი დღის განმავლობაში. გვეძახის კმარელების რეინკარნაციას. ყველანაირად ცდილობს, მოახდინოს საზოგადოების გახლეჩა და ორპოლუსიანობის წარმოქმნა," - აცხადებს მოძრაობა "გაბედეს" ერთ-ერთი წევრი.