არასამთავრობო ორგანიზაციის "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" ინფორმაციით, საქართველოში 3 მილიონი ადამიანიდან 1 მილიონი აზარტულ თამაშებშია ჩართული. იმავე ორგანიზაციის ინფორმაციით, თინეიჯერების 58% დაავადებულია ლუდომანიით, რომელიც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას გულისხმობს.
არასამთავრობო ორგანიზაციის "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" პრეზიდენტი თამარ ჯაფარიძე ამ სენის წინააღმდეგ საბრძოლველად ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობის აუცილებლობას უსვამს ხაზს. თამარ ჯაფარიძე ლუდომანიაზე დამოკიდებულების გამო სუიციდის ფაქტებზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ მათ მიერ მოძიებული ინფორმაციით, ივლისის თვიდან დღემდე ასეთი 20 შემთხვევა იყო.
"სტატისტიკა შემზარავია. ლუდომანია, ეს არის უმძიმესი სენი, ადიქციური ფორმა, რომელიც მოითხოვს სახელმწიფოებრივ მზრუნველობას. ყველაზე მეტად სახელმწიფო უნდა იყოს დაინტერესებული და მე ძალიან მაოცებს ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს მდუმარე მდგომარეობა. სუიციდის სტატისტიკა ქვეყნის მასშტაბით, 2019 წლის 6 თვის მონაცემი არის 209 განხორციელებული მცდელობა, მაგრამ ამ 209 შემთხვევიდან შსს-ს არ აქვს არანაირი ფილტრაცია გაკეთებული. ჩვენი მოძიებით, ივლისის მეორე ნახევრიდან დღემდე, 20 სუიციდის ფაქტია განხორციელებული,"- განაცხადა თამარ ჯაფარიძემ.
სავარაუდოდ ლუდომანიის გამო სუიციდის შედეგად გარდაცვლილი სანდრო ბერაძის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა აზარტული თამაშების წინააღმდეგ ათი ათასზე მეტი ელექტრონული ხელმოწერა უკვე შეაგროვეს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება.