"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის დამთავრების შემდეგ განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის განხილვაზე კატეგორიული უარი თქვა. ვაშაძის შეფასებით, ხელისუფლება დიალოგზე მხოლოდ წნეხის შედეგად წამოვიდა და განსახილველად არანაირი წინადადება არ შემოუთავაზებია.
"ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე გეტყვით, მმართველი გუნდი ამ შეხვედრაზე მხოლოდ იმიტომ მოვიდა, რომ განუწყვეტელ წნეხს განიცდიდა საქართველოს მოქალაქისგან, ოპოზიციისა და ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებისგან. ისე არავითარ დიალოგზე ე.წ. ხელისუფლება არ წამოვიდოდა. აბსოლუტურად არაფრისთვის მზად არ იყვნენ, არავითარი წინადადება და არც იდეა არ ჰქონდათ. ასევე, კატეგორიული უარი თქვეს იმ კომპრომისული შეთავაზების განხილვაზე, რომელიც მოამზადა ოპოზიციამ და რომელსაც გუშინ 30-მა პარტიამ მოაწერა ხელი.
ჩვენ დავადასტურეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ, თუ ამას მოინდომებენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ჩვენ მეორე რაუნდსაც დავესწრებით. არ მივცემთ ე.წ. "ქართულ ოცნებას" და მმართველ ჯგუფს იმის თქმის საფუძველს, რომ ოპოზიცია მზად არაა საუბრისთვის,"- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ვაშაძემ კომენტარი გააკეთა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლების მხრიდან გამოთქმულ უკმაყოფილებაზეც იმასთან დაკავშირებით, რომ შეხვედრა მათი ჩართულობის გარეშე ჩატარდა. ვაშაძის თქმით, შეხვედრის ფორმატი საერთაშორისო მედიატორებმა შეადგინეს და მათი თხოვნა არ გაითვალისწინეს.