"შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა ოპოზიციის წინადადებაზე "გერმანული მოდელის" არაკონსტიტუციურობის დასადგენად დოკუმენტი საერთაშორისო ორგანიზაციებში გადაეგზავნათ, უარი თქვა.
უსუფაშვილის შეფასებით, "ქართული ოცნების" განცხადება, რომ კონსტიტუციის ცვლილებებისთვის გუნდში რესურსს ვერ ხედავს, მმართველ გუნდში არსებული "ეროზიის" შედეგია.
"ეს დიალოგი დღეს არ დამთავრებულა, მიუხედავად მცდელობებისა, ჩვენ ეს არ დავუშვით. დღევანდელ მსჯელობაზე, პირველ რიგში, განვიხილეთ ოპოზიციის შეთავაზება, რომელიც აკმაყოფილებს მაჟორიტარების მოთხოვნასაც, პროპორციულის მოთხოვნასაც, ივანიშვილის დაპირებასაც, საერთაშორისო საზოგადოების რეკომენდაციასაც. ამ თემაზე, არსობრივად, არანაირი საწინააღმდეგო არგუმენტი არ ყოფილა, გაგრძელდა საუბარი იმის თაობაზე, რომ ის კონსტიტუციას არ შეესაბამება. ჩვენი მკაფიო შეთავაზება, რომ მოდი, ერთად გავაგზავნოთ ეს საერთაშორისო ორგანიზაციებში და მათი რეკომენდაციების მიხედვით ვიმოქმედოთ, უარყვეს.
საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან დაისვა ასეთი კითხვა, თუ პრობლემა მხოლოდ კონსტიტუციასთან შეუთავსებლობაა, არის მზად ხელისუფლება, რომ სწორედ საკონსტიუტუციო ცვლილებით მოაგვაროს ეს თემა, ვინაიდან შემოთავაზებული მოდელი მაჟორიტარების საკითხსაც ხსნის და მათ უტოვებს შესაბამის ოლქებში მონაწილეობის საშუალებას. ამაზე პასუხი იყო, რომ სხვა მიზეზების გამოც, მმართველი გუნდი ვერ ხედავს იმის შესაძლებლობას, რომ რაიმე საკონსტიტუციო ცვლილებებზე იყოს საუბარი. ალბათ, ეს შედეგია იმ ეროზიის, რომელიც მიმდინარეობს გუნდში,"- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
დავით უსუფაშვილის თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია აპირებს მათ მიერ შემუშავებული საარჩევნო სისტემის მოდელი საერთაშორისო ორგანიზაციებში გააგზავნოს მმართველი გუნდის იმ არგუმენტის გასაბათილებლად, რომ ის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. უსუფაშვილის თქმით, თუკი საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით ხელისუფლებასთან მოლაპარაკების კიდევ ერთი რაუნდი დაიგეგმება, აუცილებლად ჩაერთვებიან.
"ჩვენ, ოპოზიცია, ცალმხრივად გავაგზავნით დოკუმენტს საერთაშორისო ორგანიზაციაში, არაკონსტიტუციურობის არგუმენტის გასაქარწყლებლად. გარდა ამისა, ჩვენი კოლეგები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მოგვიწოდებდნენ, იქნებ სხვა გამოსავალი არსებობს. ჩვენ ვკითხეთ ხელისუფლებას, ხომ არ გაქვთ რაიმე აზრი და იდეა ამ კრიზისის მოსაგვარებლად, მათი პასუხი იყო, რომ არ აქვთ. ჩვენი მზაობაა, რომ ისევ საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით კიდევ შედგეს შეხვედრების მინიმუმ ერთი რაუნდი, რათა მიეცეს ხელისუფლებასაც საშუალება კარგად დაფიქრდეს ყველაფერზე და იფიქრონ მათი მხრიდან რაიმე შემოთავაზებაზე, რასაც ყურადღებით განვიხილავთ,"- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხსნის წინ დამთავრდა ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ხელისუფლების შეხვედრა, რომელიც სასტუმრო "ბილტმორში" საერთაშორისო საზოგადოების ინიციატივითა და ჩართულობით გაიმართა.