საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრას ესწრებოდა, დიალოგის პროცესით კმაყოფილია.
ჰარცელმა აღნიშნა, რომ ამ შეხვედრის შედეგად საბოლოო შეთანხმების მიღწევას არ ელოდა, თუმცა დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმება მოლაპარაკების პროცესში წინსვლის წინაპირობაა.
"დასაწყისიდანვე ევროკავშირი ამ თემაზე სერიოზული დიალოგის მომხრე იყო, რათა იმ პოლარიზაციისა და ნდობის დაკარგვის აღმოფხვრა მომხდარიყო, რომელიც ბოლო დროს ვიხილეთ. საკმაოდ ხანგრძლივ შეხვედრაში მონაწილეობაზე შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ. ვნახეთ, რომ სხვადასხვა მხარეს შორის ძალიან სასარგებლო დიალოგი შედგა. არ მქონდა მოლოდინი, რომ ამ შეხვედრაზე საბოლოო დასკვნებს გავაკეთებდით, ამ შემთხვევაში რეალისტი არ ვიქნებოდი.
ჩემი მოლოდინიც ის იყო, რომ მხარეებს მეტად გაეგოთ ერთმანეთის, თუ რა არის ძირითადი მოთხოვნები და იმედია, ეს შეხვედრა გახსნის სამომავლოდ კარს. არსებობს განსხვავებული მოსაზრებები და შეხედულებები ამ დიალოგის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, მაგრამ ზედმეტ დეტალებში თუ არ შევალ, ჩემთვის დამაკმაყოფილებელია, რომ დიალოგი შედგა. ვფიქრობ, რომ შეთანხმება დიალოგის გაგრძელებაზე ცხადყოფს, რომ სერიოზული პროცესებია,"- განაცხადა კარლ ჰარცელმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხსნის წინ დამთავრდა ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ხელისუფლების შეხვედრა, რომელიც სასტუმრო "ბილტმორში" საერთაშორისო საზოგადოების ინიციატივითა და ჩართულობით გაიმართა.