ექვსსაათიანი შეხვედრა დღეს ისე დასრულდა, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება ვერაფერზე შეთანხმდა. ერთადერთი რაც დღეს გადაწყდა დიალოგის გაგრძელებაა - ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო სისტემაზე ისაუბრებს, მაგრამ რა ფორმატში უცნობია. დღეს "ქართული ოცნების" წევრებმა მკაფიოდ თქვეს, რომ ე.წ "გერმანული მოდელის" მიღება გამორიცხულია.
ოპოზიცია ამბობს, რომ "გერმანული მოდელი" კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, საპირისპიროს ამტკიცებს ხელისუფლება. ამ საკითხის გასარკვევად ოპონენტებმა მმართველ გუნდს ოპოზიციის მიერ შემუშავებული პროექტის ვენეციის კომისიისთვის გადაგზავნა შესთავაზეს რაზეც უარი მიიღეს. ამის მიუხედავად 30 პოლიტიკური სუბიექტი ერთხმად შემუშავებულ ცვლილებების პაკეტს საერთაშორისო ორგანიზაციებში დამოუკიდებლად გააგზავნის. ოპოზიცია პოზიციის დათმობას არ აპირებს და როგორც ამბობენ, არც ქუჩის აქციები შეწყდება.
გერმანულ საარჩევნო სისტემაზე დაყრდნობით ოპოზიციის მიერ შემუშავებულ მოდელს, დღეს პირველად ღია მხარდაჭერა გამოუცხადა "პატრიოტთა ალიანსმა". ირმა ინაშვილი ამბობს, რომ უმთავრესი პრობლემა პოლიტიკური ნებაა, რომელიც ხელისუფლებას არ აქვს.
ორკვირიანი აქციების შემდეგ მოლაპარაკების მაგიდასთან მხარეები დიპლომატების ინიციატივით დასხდნენ. უცხოელი პარტნიორები, რომლებიც დღევანდელ შეხვედრაზე ძირითადად მოდერატორის ფუნქციას ასრულებდნენ, ამბობენ, რომ ყველაზე მთავარი დიალოგის დაწყება იყო.
მოლაპარაკების შემდეგი რაუნდის ორგანიზება ისევ დიპლომატებს მოუწევთ, თუმცა როდის, უცნობია. "ქართულმა ოცნებამ" "გერმანული მოდელის" თემა დახურა და ახლა ოპოზიციისგან - "რაიმე სხვა" შეთავაზებას ელოდება.