ქვეყანაში მიმდინარე პროცესები იქნება დღეს ქართველი და ევროპელი კანონმდებლების განხილვის მთავარი თემა. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიის ყოველწლიური სხდომა რამდენიმე საათში ოფიციალურად გაიხსნება.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის ინფორმაციით, განხილვის მთავარი თემა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები იქნება.
"ევროპარლამენტარები, რომლებიც წარმოდგენილი არიან თბილისში, ჩვენზე ნაკლებად არ არიან ინფორმირებული, რა ხდება საქართველოში. აუცილებლად ვეტყვით, თუ რას ვფიქრობთ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, როგორ მიმდინარეობს ოპოზიციის ფრონტის პროტესტი, რა მოლოდინი აქვთ საქართველოს მოქალაქეებს," - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ცერემონიას სასტუმრო "ბილტმორში" საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე, ევროპარლამენტისა და ევრონესტის ხელმძღვანელი პირები გაუძღვებიან.
ევრონესტზე შეკრებილმა ევროპარლამენტარებმა სესიის გახსნამდე ერთი დღით ადრე დააფიქსირეს, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და მოუწოდეს მმართველ გუნდს, პატივი სცეს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს.