18 ნოემბერი 2024,   14:21
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს პარლამენტში სუსის წარმომადგენლებთან განიხილავენ - ოპოზიცია სხდომას ბოიკოტს უცხადებს

პარლამენტში დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს ელოდებიან.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის სხდომაზე, მთავარი თემა ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებული პროცესები და ცხინვალის რეგიონში არსებული კრიზისი იქნება.

სხდომას "ევროპული საქართველოს წევრები" არ დაესწრებიან.

"საქართველოს ხელისუფლების საქმიანობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში არის სრულიად არადამაკმაყოფილებელი. ჩვენ ვხედავთ ბევრ ჩავარდნას. ამიტომ შეუძლებელია მათი საქმიანობა პოზიტიურად იყოს შეფასებული. არაფერი ახალი კომიტეტზე არ იქნება წარმოდგენილი. "ევროპული საქართველო" არ აპირებს, რომ საკომიტეტო განხილვას დაესწროს. ვაგრძელებთ საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმს," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

სხდომას ასევე ბოიკოტს უცხადებს "ნაციონალური მოძრაობა".

"ბიძინა ივანიშვილის სუსთან, რომელიც პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად არის გადაქცეული, ჩვენ შეკითხვები არ გვაქვს. ამიტომ არ ვაპირებთ, მონაწილეობა მივიღოთ ამ სხდომაში," - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას განცხადებით, მათ სუსის წარმომადგენლებთან კითხვები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ექნებათ.

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს და შესაბამისად ეს მოსმენაც დაეთმობა იქ არსებული ვითარების განხილვას. იქ მიმდინარე პროცესები არის საფრთხის შემცველი როგორც საქართველოსთვის, ასევე ზოგადად რეგიონული უსაფრთხოებისთვის. შესაბამისად, გვექნება კითხვები, რომელსაც დავუსვამთ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს," - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

დღის ამბები