ირაკლი შოთაძის კვლავ გენერალურ პროკურორად შესაძლო დანიშვნა - პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სწორედ ირაკლი შოთაძის მთავარი პროკურორობის პერიოდში გამოიძია პროკურატურამ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე დროულად და ეფექტურად.
პარლამენტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ უმრავლესობის მხრიდან ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარდაჭერა ექნება.
"პარლამენტი ელოდება, რა თქმა უნდა, კანონმდებლობის შესაბამისად, თუ როდის იქნება წარმოდგენილი კანდიდატურები. კანდიდატურების შერჩევა გაწერილია კანონში და ის რა თქმა უნდა, მოხდება წესების სრული დაცვით.
რაც შეეხება ბატონ შოთაძეს, მე მინდა გითხრათ, რომ მთავარი პროკურორის პოზიციაზე მისი საქმიანობის დროს არა ერთი მნიშვნელოვანი საქმე გვახსოვს, რომელიც იყო გამოძიებული ეფექტურად, დროულად, ეს არის კონკრეტული საქმეები, სადაც მძიმე დანაშაულებთან გვქონდა საქმე, იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები, მკვლელობის შემთხვევები და ის საქმეებიც, სადაც საზოგადოების ინტერესი იყო მაღალი.
შემიძლია კონკრეტული საქმეები ჩამოგითვალოთ, ეს იყო ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობები, ეს იყო ორგანიზებული დანაშაულების შემთხვევები, არა ერთი დანაშაული ნარკო-ტრეფინკინგის შემთხვევები, სადაც იყო ორგანიზებულ დანაშაულებთან ბრძოლა. პროკურატურამ მისი ხელმძღვანელობით ამ საქმეებს, ჩემი აზრით, ეფექტურად ებრძოდა დანაშაულს.
რაც შეეხება მის გადაწყვეტილებას გადადგომასთან დაკავშირებით, მაშინაც, როდესაც საზოგადოებას ჰქონდა კითხვები და როდესაც დაზარალებულმა გამოთქვა კითხვები მის მიმართ, მან ასევე მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება და დატოვა თანამდებობა ნიშნად იმისა, რომ თანამდებობა არ არის ყველაზე მთავარი და სტატუსი არ არის ყველაზე მთავარი ჩვენი ხელისუფლების პირობებში.
მე არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ მისი კანდიდატურა შესაძლოა იყოს ერთ-ერთი, ვინც წარმოდგენილი იქნება პარლამენტში განსახილველად და ვფიქრობ, რომ უმრავლესობის მხრიდან მის კანდიდატურას ნამდვილად ექნება მხარდაჭერა," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, დღეს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატების წარდგენის ვადა იწურება. გენერალური პროკურორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც შალვა თადუმაძემ საგამოძიებო უწყებიდან უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლა.