30 დეკემბერი 2024,   20:49
ვრცლად
გენპროკურორის შერჩევის პროცესი - საპროკურორო საბჭოს სხდომაზე კანდიდატების მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია შეისწავლეს

ახალი გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესი დაიწყო. დღევანდელ სხდომაზე საბჭოს წევრებმა კანდიდატების მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია შეისწავლეს. ორ შემთხვევაში ხარვეზი დაფიქსირდა, საბჭომ კანდიდატებს გამოსწორებისთვის ვადა მისცა. 

აქტიური მუშაობა ამ საკითხზე 27 იანვრიდან დაიწყება, საპროკურორო საბჭო ყველა კანდიდატს მოუსმენს. ეს პროცესი საჯარო იქნება. მას შემდეგ, რაც კანდიდატურებს შორის ირაკლი შოთაძე დასახელდა, ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ამბობს, რომ განხილვა ფორმალურია და საბოლოოდ არჩევანი ისევ შოთაძეზე შეჩერდება.

საპროკურორო საბჭოს პირველი სხდომა, რომელიც 6 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, ტექნიკური ხასიათის იყო. 

დღევანდელ სხდომას ოპოზიციონერი წევრი "ევროპული საქართველოდან" ოთარ კახიძე არ ესწრებოდა. 

ხელისუფლების ოპონენტები საპროკურორო საბჭოს უნდობლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ მმართველ გუნდს ირაკლი შოთაძის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.

საპროკურორო საბჭოს აკრიტიკებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრიც. ანა დოლიძე პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებასა და პოლიტიზებულ ახალ პროკურორს ელოდება.

საპროკურორო საბჭოს მუშაობა სახალხო დამცველისთვის გამჭვირვალე არ არის.
ბრალდებები მიუღებელია მმართველი გუნდისთვის. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ გენერალური პროკურორის დანიშვნის წესი ასეთი გამჭვირვალე არასოდეს ყოფილა.

ბოლო მონაცემით გენერალური პროკურორის პოსტისთვის 16 კანდიდატი იბრძვის, დღეს ერთ-ერთმა კანდიდატმა, გრიგოლ გაგნიძემ, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

აქცია-პერფორმანსით დღეს, პროკურატურასთან ირაკლი შოთაძის კანდიდატად დასახელება გააპროტესტეს. აქტივისტები ამბობენ, რომ ყოფილ გენერალურ პროკურორს თანამდებობის მეორედ დაკავების მორალური უფლება არ აქვს.

საპროკურორო საბჭომ ერთი თვის განმავლობაში 3 კანდიდატი უნდა შეარჩიოს. ინდივიდუალური კენჭისყრით კი ერთი საუკეთესო გამოვლინდება და მისი კანდიდატურა პარლამენტს გადაეგზავნება. საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ საკანონმდებლო ორგანო მიიღებს.

დღის ამბები