ცოტა ხნის წინ,საკრებულოს დაცვის თანამაშრომლებმა საკრებულოს მთავარი შესასვლელის საკეტი გამოცვალეს. ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ ცვლიან საკეტს, ისინი პასუხობენ, რომ "დაზიანებულია." გავრცელებული ინფორმაციით, საკრებულოს მთავარი შესასვლელის კარის საკეტი იმის გამო შეცვალეს, რომ კარის გასაღები "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს ლილე ლიპარტელიანს აქვს.
ნაცემი ლევან ხაბეიშვილის მხარდასაჭერად საკრებულოს შენობაში პარტია "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წარმომადგენლები მივიდნენ. საკრებულოს შენობასთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. საკრებულოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ხაბეიშვილის მხარდასაჭერად მოსულ პარტიის წარმომადგენლებს ტერიტორიაზე არ უშვებენ.
თავდაპირველად "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა საკრებულოში შესვლა გვერდითა შესასვლელით, ტაბიძის ქუჩის მხრიდან სცადეს, მაგრამ დაცვამ მათ განუცხადა, რომ ისინი მთავარი შესასვლელიდან შეძლებდნენ შენობაში შესვლას. მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალურ მოძრაობის" ლიდერებმა შენობის მთავარ შესასვლელთან გადაინაცვლეს, დაცვამ მათ შენობაში შემოსვლის უფლება არ მისცა.
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა საკრებულოს თავმჯდომარესაც სთხოვეს, რომ მათთვის შენობაში შესვლის უფლება მიეცა, თუმცა, ამ ეტაპზე, მათი თხოვნა არ დაკმაყოფილებულა.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი სცემეს. უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა თარაშ შურღაიამ ხაბეიშვილს თავში წამოარტყა, რის შედეგადაც ფიზიკური დაპირისპირება გამწვავდა და ხაბეიშვილმა თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო.