ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ეუთო-ს მუდმივი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.
დავით ზალკალიანმა ეუთო-ს მუდმივ კომიტეტს გააცნო საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები. საკუთარ გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს წარმატებულ თანამშრომლობას ეუთოსთან და აღნიშნა ორივე ორგანიზაციის მნიშვნელოვანი როლი ევროპის კონტინენტსა და მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიის განვითარებისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის პროცესში.
საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე საუბრისას მინისტრმა კომიტეტის წევრებს გააცნო ის მაღალი დონის ღონისძიებები, რაც პრიორიტეტებით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით თავმჯდომარეობის პერიოდში გაიმართება.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ასევე ისაუბრა ეუთო-ს და ევროპის საბჭოს სივრცეში არსებულ კონფლიქტებზე და ადგილზე ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილ ურთულეს გარემოზე. მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ორგანიზაციების შეღწევადობის აუცილებლობას. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელით კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინის და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა და ხაზი გაუსვა მინსკის შეთანხმებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას.
განცხადებები გაკეთდა საქართველოსთან ორმხრივ დონეზე არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე ევროკავშირის, აშშ-ს და სხვა წარმომადგენლების მხრიდან. მათ შორის აშშ-მ ხაზი გაუსვა საქართველოსთან უსაფრთხოების სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას და აღნიშნა რომ საქართველო გახლავთ მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი რეგიონსა და მსოფლიოში უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. ასევე მოუწოდა რუსეთის ფედერაციას შეასრულოს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.
დავით ზალკალიანი ვენაში ვიზიტის ფარგლებში ეუთო-ს გენერალურ მდივანს ტომას გრემინგერს შეხვდა. მხარეებმა მიმოიხილეს ევროპის საბჭოსა და ეუთო-ს თანამშრომლობის საკითხები, გენერალური მდივნის მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს და გამოთქვა ეუთოს მხრიდან აქტიური თანამშორმლობის მზაობა როგორც ეუთოს სივრცეში პრიორიტეტით განსაზღვრული საკითხების პოპულარიზაციაში ასევე ეფექტურ იმპლემენტაციაში.