სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს 2019 წლის დეკემბრის ეკონომიკური ზრდის წინასწარი სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც დეკემბრის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდა 3.8% იყო, 2019 წლის 12 თვის ჯამური ზრდა კი-5.2%.
"საქართველოს ეკონომიკა დეკემბრის მონაცემების მიხედვით 5.2%-ით გაიზარდა. დადებითი გავლენა მოახდინა დამამუშავებელი მრეწველობის, ვაჭრობის, ტრანსპორტის და სასტუმროებისა და რესტორნების სექტორებმა. ხოლო უარყოფითი ტენდენციები დეკემბერში შეინიშნებოდა მშენებლობის, ასევე ხელოვნების, დასვენების და გართობის, პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობის მიმართულებით," - განაცხადა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი. ნათია თურნავას თქმით, ეკონომიკური ზრდა გაცილებით მაღალია, ვიდრე ამას სავალუტო ფონდი პროგნოზირებდა.
"2019 წლის დასაწყისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი საქართველოს ეკონომიკასთან დაკავშირებით იყო ,ხოლოდ 4,5%, იმის გამო რომ რეგიონში არის ბევრი გამოწვევა და ზოგადად გლობალური ეკონომიკა უფრო ნელა ვითარდება, ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ ახლა ეს პროგნოზი არ გამართლდა და ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის გაცილებით უფრო მაღალი,"- განაცხადა ნათია თურნავამ.