18 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
ხელისუფლება იქნება მუდმივი ზეწოლის ქვეშ, რათა აასრულოს დანაპირები, რომელიც გასცა - გიორგი გუგავა

ოპოზიცია ხვალიდან აქციების განახლებას აანონსებს. "ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური მდივნის, გიორგი გუგავას განცხადებით, ხელისუფლება მუდმივი ზეწოლის ქვეშ იქნება, სანამ პროპორციული არჩევნების შესახებ გაცემულ პირობას არ შეასრულებს.

"მათ მოუწევთ სირცხვილის კორიდორებში გავლა. ოპოზიცია აწყობს აქციებს და ამ აქციებს ექნება პერმანენტული ხასიათი. ეს აქციები იქნება მრავალრიცხოვანი, რეგიონებშიც, თბილისშიც და ხელისუფლება იქნება, ასე ვთქვათ, მუდმივი ზეწოლის და იძულების ფორმატში, რათა აასრულოს ის დანაპირები, რომელიც მან დადო,"- განაცხადა გიორგი გუგავამ.

"ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარის, ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, 2020 წელი აქციების მხრივ ძალიან მწვავე იქნება და თბილისის გარდა რეგიონებსაც მოიცავს. 

"სამწუხაროდ, მოგვიწევს ქუჩის მექანიზმის აქტიურად გამოყენება და 2020 წელი იქნება ამ მხრივ გამორჩეული ყველა სხვა წლებისგან "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში, რომელიც იქნება ძალიან მწვავე. ეს დაიწყება სწორედ ხვალ, 4 თებერვალს, პარლამენტთან. პირველი აქცია იქნება მწვავეც, მაგრამ იქნება კანონის ფარგლებში, სანამ ხელისუფლება უკანარ დაიხევს. გავალთ რეგიონებშიც, იქნება სიმწვავე დედაქალაქშიც,"- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის თქმით, ხვალინდელ აქციაზე ოპოზიცია ხელისუფლებას შეუსრულებელ დაპირებას კიდევ ერთხელ შეახსენებს. 

"ჩვენ გვინდა, კიდევ ერთხელ გავახსენოთ ხელისუფლებას მისი შეუსრულებელი დაპირებები, სიტყვის გატეხვა. შევახსენოთ ის, რომ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ საზოგადოება ელოდება ქვეყნისგან ადეკვატურ ქმედებებს. რა თქმა უნდა, ჩვენ, ისევე, როგორც ოპოზიციური მაგიდის სხვა წარმომადგენლები, ჩვენც მონაწილეობას მივიღებთ ამ პიკეტირებაში,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, ხვალ 4 თებერვალს, დილის 10 საათიდან პარლამენტთან სირცხვილის კორიდორის მოწყობა იგეგემება.

დღის ამბები