18 ნოემბერი 2024,   11:22
ვრცლად
"ბიძინა ივანიშვილი ასრულებს პუტინის დავალებას, ამას წყალი არ გაუვა" - ოპოზიცია The Heritage Foundation რეკომენდაციებზე

საერთაშორისო გავლენიანი ორგანიზაციის The Heritage Foundation რეკომენდაციებს ოპოზიციის წევრები აფასებენ.

ოპოზიციის განცხადებით, საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორმა ოფიციალურ თბილისს მორიგი ტესტი გამოუგზავნა და ახლა მმართველი გუნდის ჯერია, როგორ ჩააბარებს ამ ტესტს.

ოპოზიციის მოსაზრებით, ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა იპოვოს ინვესტორი ანაკლიის პორტის ასაშენებლად, ასევე შეასრულოს ვაშინგტონის მოწოდება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად ჩაატაროს.

"მთავარი საკითხი არის პროპორციული არჩევნები, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მოპარა ქართველ ხალხს. ბუნებრივია, რომ არჩევნების თემა გახდება ის წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთასაც ივანიშვილის ხელისუფლებას არც ამერიკელები და არც ევროპელები არ აპატიებენ.

ანაკლიის პორტის მშენებლობაზე უარის თქმა, ეს ნიშნავს პირდაპირ უარის თქმას ქვეყნის განვითარებაზე," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

"2020 წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს იმ სისტემით, რომელზეც ყველა პოლიტიკური მოთამაშე იქნება თანახმა და ასეთია სწორედ პროპორციული არჩევნები. ყველა სხვა სცენარი არის მკაფიო გზავნილი "ქართული ოცნების" მხრიდან, რომ ხელების გადაგრეხით უნდა ხელისუფლებაში დარჩენა," - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორები ქვეყანაში შექმნილ ვითარებას კარგად ამჩნევენ.

პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ანაკლიის პორტის პროექტი ჩააგდოს და ამას სტრატეგიული პარტნიორებიც ამჩნევენ.

"ბიძინა ივანიშვილი ასრულებს პუტინის დავალებას, ამას წყალი არ გაუვა. ეს არის მიზანმიმართული ქმედება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. სავარაუდოდ, ეს საქმე წავა არბიტრაჟში," - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

კიდევ ერთი რეკომენდაცია საქართველოს ხელისუფლებას, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უზრუნველსაყოფად - The Heritage Foundation 5 მთავარ პრიორიტეტზე წერს, რომელიც 2020 წელს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ურთიერთობაში მნიშვნელოვანი იქნება.

ფონდის ანალიტიკოს ალექსის მრაჩეკის სტატიაში აღნიშნულია, რომ წელს საქართველო რამდენიმე გამოწვევის წინაშე დადგება.

"ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და ანაკლიის პორტის პროექტი. შეერთებულმა შტატებმა მხარი უნდა დაუჭიროს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, უბიძგოს საქართველოს ანაკლიის პორტის პროექტისთვის ახალი ინვესტორის პოვნისკენ. ევრაზიის რეგიონში დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველო მისაბაძი მაგალითია.

მისი დემოკრატიული ძალისხმევა რადიკალურად განსხვავდება მეზობელ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არსებული სიტუაციისგან, თუმცა 2020 წლისთვის უფრო სტაბილური პოლიტიკური სისტემაც სასარგებლო იქნებოდა ამ მხრივ. ამერიკამ ყველაფერი უნდა გააკეთოს საქართველოს დემოკრატიული გეზის და ქვეყანაში მომავალი არჩევნების ჩატარების მხარდასაჭერად თავისუფალ და სამართლიან გარემოში,"  - აღნიშნულია სტატიაში.

დღის ამბები