საერთაშორისო გავლენიანი ორგანიზაციის The Heritage Foundation-ის სტატიას საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების შესახებ, გამოხმაურება მოჰყვა საექსპერტო წრეებში.
ანალიტიკოსების შეფასებით, ეს არის ერთ-ერთი ბოლო შანსი, რომელიც სტრატეგიულმა პარტნიორმა მმართველ გუნდს მისცა.
მათივე განმარტებით, ხელისუფლებამ სტატიაში მოცემული რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს.
"საქართველოს ხელისუფლებას აქვს ერთადერთი შანსი გამოვიდეს ამ ვითარებიდან, თუ ის ჩაატარებს სამართლიან და პროპორციულ არჩევნებს, რაც არის დასავლეთის მთავარი მოთხოვნა და ამავე დროს, გააგზავნის ძალიან ნათელ სიგნალს, რომ ანაკლიის პორტი, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის აშენდება დასავლური ინვესტიციით.
სხვა შემთხვევაში, რანაირი რიტორიკაც არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ვინც არ უნდა გააგზავნონ ვაშინგტონში, ეს ვერაფერს ვერ შეცვლის, - განაცხადა "სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" (GSAC) დამფუძნებელმა, ევროპული კვლევების დირექტორმა გიორგი რუხაძემ.
"საქართველოს ხელისუფლებას ამ ეტაპზე ერთი რაღაც ევალება, არჩევნები ჩაატაროს დემოკრატიულად. თუ ამ დემოკრატიული არჩევნების პირობებში ქართველი ხალხი მაინც მას დაუჭერს მხარს, კი ბატონო დარჩეს, მაგრამ თუ არ დაუჭერს უნდა წავიდეს. ამაშია საქმე. დანარჩენი, რაც შეეხება ანაკლიასა და დიდ პროექტებს, ეს ალბათ არჩევნების შემდეგ უნდა განხორციელდეს," - აღნიშნა "სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" (GSAC) დამფუძნებელმა თორნიკე შარაშენიძემ.
"არჩევნებიც და ანაკლიის პორტიც ეს არ არის უბრალო საკითხი. ორივე არის ეგზისტენციალური მნიშვნელობის საქართველოსთვის. ეს უნდა იყოს გათვალისწინებული, ეს არ არის ვინმეს პოლიტიკური გემოვნების საგანი. ეს არის ის საკითხი, რომელიც უკავშირდება საქართველოს მომავალს," - განმარტა "საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის" ლექტორმა თენგიზ ფხალაძემ.
კიდევ ერთი რეკომენდაცია საქართველოს ხელისუფლებას, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უზრუნველსაყოფად - The Heritage Foundation 5 მთავარ პრიორიტეტზე წერს, რომელიც 2020 წელს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ურთიერთობაში მნიშვნელოვანი იქნება.
ფონდის ანალიტიკოს ალექსის მრაჩეკის სტატიაში აღნიშნულია, რომ წელს, საქართველო რამდენიმე გამოწვევის წინაშე დადგება.
"ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და ანაკლიის პორტის პროექტი. შეერთებულმა შტატებმა მხარი უნდა დაუჭიროს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, უბიძგოს საქართველოს ანაკლიის პორტის პროექტისთვის ახალი ინვესტორის პოვნისკენ. ევრაზიის რეგიონში დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველო მისაბაძი მაგალითია.
მისი დემოკრატიული ძალისხმევა რადიკალურად განსხვავდება მეზობელ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არსებული სიტუაციისგან, თუმცა 2020 წლისთვის უფრო სტაბილური პოლიტიკური სისტემაც სასარგებლო იქნებოდა ამ მხრივ. ამერიკამ ყველაფერი უნდა გააკეთოს საქართველოს დემოკრატიული გეზის და ქვეყანაში მომავალი არჩევნების ჩატარების მხარდასაჭერად თავისუფალ და სამართლიან გარემოში," - აღნიშნულია სტატიაში.