18 ნოემბერი 2024,   11:44
ვრცლად
საზოგადოებას არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ეს კრიტიკა უბედურების მომტანია - მმართველი გუნდი სენატორების გზავნილებზე

ამერიკელი სენატორების ჯიმ რიშსა და ჯინ შაჰინის ახალ გზავნილებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გამოეხმაურნენ.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, სენატორების კრიტიკა "უბედურების მომტანი" სულაც არ არის.

სესიაშვილი კრიტიკას EPP-ს ნაწილში არ ეთანხმება. მისი განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობა" და მასთან დაკავშირებული პარტიები არიან სწორედ ევროპის სახალხო პარტიის წევრები, შესაბამისად გზავნილები აღიქმება როგორც ოპონენტების გზავნილები.

"ნაციონალური მოძრაობა" და მასთან აფილირებული პოლიტიკური ძალები არიან სახალხო პარტიის ნაწილი, ამიტომ ამას ჩვენ ვიღებთ, როგორც ჩვენი ოპონენტების მხრიდან გაჟღერებულ პოზიციებს.

ცალკეული სენატორებისგან, კონგრესმენებისგან კრიტიკა არის საყურადღებო, თუმცა მთავარი არის ჩვენი საზოგადოების სწორი აღქმა და ხშირად გვხვდება ხოლმე ასეთ კრიტიკაში არასწორი ინფორმაცია.

ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია, აქ საზოგადოებას არანაირად არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ეს კრიტიკა არის რაღაც უბედურების მომტანი. ჩვენ მივესალმებით ყველა პარტნიორის კრიტიკას, რომელთაც სურთ საქართველოს კეთილი მომავალი," - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განმარტებით, ამერიკა არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, შესაბამისად მათი გზავნილები არის საყურადღებო, თუმცა მათ ინფორმაციას ხშირ შემთხვევაში არასწორად აწვდიან.

"ნაციონალური მოძრაობა" დაქირავებული ლობისტებით, ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციებით, ქვეყნიდან სისტემატიურად ახდენს ინფორმაციის დამახინჯებული სახით გატანას, რაც აწყობს მათ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესს," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით კი, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა საერთშორისო პარტნიორებმა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე სრული ინფორმაცია მიიღონ. 

"ზოგადად ჩვენი გეზი არის რა თქმა უნდა დასავლური, თუმცა ჩვენ აუცილებლად ვითვალისწინებთ იმას, რომ ვართ რეგიონში ქვეყანა, რომელსაც სტაბილურობა აქვს შენარჩუნებული. ყველა დანარჩენი პოლიტიკური სუბიექტების განცხადებები, თუკი არ ემსახურება ობიექტურ მიზანს, რასაც ჰქვია საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია, ამ შემთხვევაში ჩვენ კიდევ უფრო დამატებით ინფორმაციას მივაწვდით ჩვენ დასავლელ მეგობრებს," - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ, განცხადებას ავრცელებს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტიც. ამერიკელი სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი ოფიციალურ განცხადებას სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვებ-გვერდზე ავრცელებენ. სენატორები საქართველოს მთავრობას, მოუწოდებენ შეასრულოს ვალდებულებები და გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები. "არ ვთხოვთ საქართველოს იყოს სრულყოფილი, მაგრამ მთავრობამ უნდა აჩვენოს, რომ სერიოზულად უდგება დემოკრატიისკენ სწრაფვას," - წერია განცხადებაში. მანამდე მათ დავით ზალკალიანი პირადად შეხვდა. საუბარი შეეხო პარტნიორობას, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, საარჩევნო სისტემას. მათ შორის იმ წერილებსაც, რომლებსაც საქართველო ბოლო პერიოდში ვაშინგტონიდან იღებს. ერთ-ერთის ავტორი კი სწორედ ეს ორი სენატორი იყო. ქართველ მინისტრთან დიალოგი სენატორებმა ამერიკის ხმასთანაც შეაფასეს.

დღის ამბები