ევროპის სახალხო პარტიისა და ამერიკელი სენატორების განცხადებას, სადაც ისინი საქართველოს ხელისუფლებას დანაპირების შესრულებისკენ მოუწოდებენ და აქცენტს სამართლიანი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე აკეთებენ, თბილისში ანალიტიკოსები ეხმაურებიან.
საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანის ბაკურ კვაშილავას განცხადებით, საქართველოს მეგობრების მხრიდან ხელისუფლებისა და ქვეყნის დაცალკევება ხდება და პარტნიორად მხოლოდ ქვეყანა აღიქმება:
"თანდათან ხდება ჩვენი მეგობრების მიერ ხელისუფლებისა და საქართველოს დაცალკევება. ეს არის ძალიან პრობლემატური. მაშინ, როდესაც საქართველო რჩება მოკავშირედ, ხელისუფლება ნელ-ნელა იკავებს მოწინააღმდეგის ადგილს. ანუ იმ ადგილს, რომელიც აღარ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას და პირველად ჩნდება უკვე ისეთი ტერმინები საქართველოსთან მიმართებაში, როგორიც არის მოსალოდნელი დიქტატურა, უკანდახევა დიქტატურისკენ, რაც არ ფიგურირებდა ბოლო 15 წელია და ეს არის ძალიან შემაშფოთებელი," - განაცხადა კვაშილავამ.
სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე მიიჩნევს, რომ დასავლეთი "ქართულ ოცნებას" პარტნიორად აღარ აღიქვამს:
"დასავლეთს ეჭვი ეპარება იმაში, რომ "ქართული ოცნება" აშენებს დემოკრატიულ სახელმწიფოს, ეს არის დასაბამი ამ პრობლემის. ამ ეჭვის შესაქმნელად დრო დაჭირდა, თავიდან "ქართული ოცნება" პარტნიორად აღიქმებოდა და საკმაოდ კარგი ნდობის კრედიტიც ჰქონდათ განსაკუთრებით პირველ წლებში, შემდეგ გაუარესდა და მივიდა იქამდე, რომ დღეს თვლიან, რომ არაა ის ძალა, რომელთანაც პარტნიორობა ღირს, ამის აღმოფხვრას "ქართული ოცნების" მხრიდან დრო და ძალისხმევა დასჭირდება და ეს ადვილი არაა," - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.