საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი პარლამენტშია - ეკატერინე ტიკარაძე მინისტრის საათის ფორმატში ჯერ მოხსენებით წარსდგება, შემდეგ კი საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის კითხვებს უპასუხებს. აღსანიშნავია, რომ ეკატერინე ტიკარაძე არის პირველი მინისტრი, რომელიც საგაზაფხულო სესიაზე მივიდა.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, მათთვის გაცემული შემწეობები, მედიკამენტების ფასები და საყოველთაო ჯანდაცვა - ეს ის საკითხებია, რომლითაც დეპუტატები დაინტერესდებიან.
"ჯანდაცვა გადაიქცა ბიზნესად და ისეთ ბიზნესად, სადაც კერძო კლინიკებისა და სადაზღვევო კომპანიების მეპატრონეები საყოველთაო ჯანდაცვიდან იღებენ ძირითადად დაფინანსებას. ფარმაციაში არსებული მდგომარეობა იძლევა შესაძლებლობას გაუმჯობესდეს ხარისხი და, რაც მთავარია, ხელმისაწვდომობა წამლებისა,"- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების" წევრმა გია ჟორჟოლიანმა.
ხელისუფლების ოპონენტები ჯანდაცვის სამინისტროში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ.
გარდა ამისა, ოპოზიციის წევრები საუბრობენ 520-ე დადგენილებაზე, რომელიც გულისხმობს საავადმყოფოებისთვის საერთო სატარიფო სისტემის შექმნას.
"არის უამრავი კითხვა. პირველი, ეს ეხება სოციალურ მუშაკებს, რომლებიც უკანონოდ გაათავისუფლეს, მიუხედავად იმისა, რომ ამბობდნენ, პირიქით, სოციალური მუშაკების რაოდენობა უნდა გაიზარდოსო. მათ ისინი მართლაც უკანონოდ გაათავისუფლეს. მეორე საკითხი, ეს ეხება 520-ე დადგენილებას. ამ დადგენილების საფუძველზე, ისედაც მცირე რაოდენობა ექთნებისა, რომელიც ჩვენ გვყავს, იძულებულები გახდებიან უბრალოდ, რომ ეს ქვეყანა დატოვონ და სხვა ქვეყანაში იმუშაონ. კითხვა მაქვს, რას უპირებენ იმ კლინიკებს და პოლიკლინიკებს, რომლებიც არის ახალგახსნილი და ამ დადგენილებების საფუძველზე ისინი წყვეტენ მუშაობას,"- განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის შეფასებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა გაკოტრებულია.
"რა უნდა თქვას მინისტრმა, როდესაც 3 თუ 4 თვის დავალიანება აქვს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. კლინიკები არის ჩამოშლილი. 3 სახელმწიფო კლინიკა უკვე გადადის ჯანდაცვის სამინისტროს გამგებლობაში. ესეც იქნება უძირო ქვევრი და ჩაიყრება ჩვენი ფული. 75 მილიონი დაიხარჯა ბოლო დროს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ეს პროგრამაც კი გაკოტრებულია," - განაცხადა რომან გოცირიძემ.