ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორობის ერთადერთი კანდიდატია. საპროკურორო საბჭომ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ, ფარული კენჭისყრით მიიღო.
ყოფილი მთავარი ბრალმდებლის კანდიდატურა დასამტკიცებლად პარლამენტს უახლოეს დღეებში გადაეგზავნება და საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ დეპუტატები მიიღებენ.
კენჭისყრის შედეგების მიხედვით ხმები ასე გადანაწილდა - ვაჭარაძე ვალერიანი 0 ხმა, დარიკო თორდია 0 ხმა, სოფიო შენგელია 1 ხმა, ირაკლი შოთაძე 11 ხმა.
ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორობის ერთადერთ კანდიდატად არჩევას პროტესტი მოჰყვა.
"დღევანდელი ეს გადაწყვეტილება გახლავთ ნათელი დასტური იმისა, რომ მთელი ეს გასაუბრებები ფორმალურ ხასიათს ატარებდა. თავიდანვე, მაშინ როდესაც ირაკლი შოთაძის კანდიდატურა დააყენეს, შეიძლება ითქვას, რომ უკვე გვყავდა გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძის სახით. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ რომ პარლამენტი გახლავთ ის ორგანო, რომელიც უნდა დაფიქრდეს რამდენად ღირს გვყავდეს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძის სახით, რომლის სახელსაც არაერთი გახმაურებული საქმე და ამ საქმეებზე არსებული კითხვის ნიშნები უკავშირდება," - განაცხადა "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტმა, ნესტან ლონდარიძემ.