ქართული სამთავრობო და საპარლამენტო დელეგაციის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს თბილისში აფასებენ. კომენტარი პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა. მისი თქმით, ქართული დელეგაცია ამერიკელი პარტნიორებისაგან პოზიტიურ გზავნილებს იღებს.
"ძალიან პოზიტიურია ის გზავნილები, რომელსაც ჩვენი დელეგაციის წევრები იღებენ. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი სახელმწიფო მდივნის მოწვევით ესწრებოდა ღონისძიებას. გვქონდა ასევე შეხვედრები როგორც სენატორებთან. ასევე კონგრესმენებთან და ამ შეხვედრებზე აბსოლუტურად ყველა საკითხზე, რომელიც ბოლო პერიოდში იქნა წამოჭრილი ჩვენი პარტნიორების მხრიდან, მათ მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია, მათ მიიღეს კონკრეტული განმარტებები და მათ მიიღეს ის ხედვა და ის გეგმები, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას აქვს ამ ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებისთვის და რა თქმა უნდა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩასატარებლად," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ქართული სამთავრობო და საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს. უკვე გაიმართა შეხვედრები კონგრესმენებსა და სენატორებთან. საუბრის ძირითადი თემა, საქართველოში გამოგზავნილი კრიტიკული წერილებია.