გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას ახლა უკვე პარლამენტის სხდომაზე უყრიან კენჭს. დღეს საპროკურორო საბჭომ ყოფილი გენერალური პროკურორი 11 ხმით აირჩია და კანდიდატურას დასამტკიცებლად საკანონმდებლო ორგანოს გადაუგზავნის.
იმაზე, რომ საპროკურორო საბჭო სწორედ შოთაძეს შეარჩევდა, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი კანდიდატურის დასახელების დღიდან საუბრობდნენ.
"ირაკლი შოთაძის წარდგენა არის იმის დემონსტრირება, რომ აქცენტი პირად ერთგულებაზე კეთდება, ის ასჯერ გასინჯული და შემოწმებულია, იციან ვინ არის და რას წარმოადგენს. შოთაძეს მმართველი პარტიისთვის ერთგულება დასამტკიცებელი ნამდვილად არ აქვს. ყველაზე ცუდი ამ პროცესში ის არის, რომ "ქართული ოცნება" ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად განმწესების თაობაზე გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებს," - განაცხადა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ სულხან სალაძემ.
როგორც მესამე სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, საკითხის მიმართ დიდი ინტერესი არც გამოუჩენიათ, რადგან თავიდანვე იცოდნენ, პროცესები როგორ წარიმართებოდა.
"ეს გადაწყვეტილება გაცილებით ადრე იყო მიღებული. თავად პროცესმა, რომელსაც სწორედ საუკეთესო კანდიდატის შერჩევა უნდა უზრუნველეყო, ფორმალურად გააფორმა უკვე პოლიტიკურად მიღებული გადაწყვეტილება. ამიტომ, ჩვენ არ გვქონია დიდი ინტერესი ამ პროცესს დეტალურად დავკვირვებოდით, რადგან შედეგი თავიდანვე ცხადი იყო," - აღნიშნა "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას" თავმჯდომარემ გიორგი მშვენიერაძემ.
საკითხს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძეც ეხმაურება. მისი თქმით, პროცესი სრულიად უსიცოცხლო იყო.
"ჩვენ ვნახეთ საპროკურორო საბჭოში წარმართული სრულიად ფორმალური, მძინარე პროცესი. არავითარი სიცოცხლე არ ჰქონია ამ პროცესს, არც დებატები, არც კამათი, არც ხედვის წარმოდგენა. ყველაფერი მძინარე და ნახევრად ნამდვილი იყო. შესაბამისად, მოსალოდნელი იყო ის, რაც მოხდა," - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ.