საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ევროკავშირის ანგარიშში არის მოწოდება, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიცაზია შესუსტებული და განეიტრალებული იყოს. მდინარაძის თქმით, პოლარიზაციის ძირითადი წყარო ოპოზიციაა და მოწოდებაც მათკენაა მიმართული, რომ ხელისუფლების ოპონენტებმა მმართველი გუნდის კომპრომისულ ვარიანტს ულტიმატუმით არ უპასუხონ:
"როდესაც ევროკავშირი მოგვიწოდებს, რომ პოლარიზაცია იქნეს შესუსტებული და განეიტრალებული, ეს არის ბუნებრივი რეაქცია, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ პოლარიზაციის ძირითადი წყარო ხელისუფლება ნამდვილად არ არის. ურთიერთდათმობა გულისხმობს იმას, როდესაც ერთი მხრიდან ასეთი კომპრომისული ვარიანტი უკვე შეთავაზებულია, მეორე მხრიდანაც ულტიმატუმის სახით არ იყოს საუბარი და იყოს კომპრომისულ ვარიანტზე, რომელიც საბოლოო ჯამში კონსენსუსის მიღწევაში მოგვეხმარება და პოლარიზაციის განეიტრალებას და შესუსტებას შეუწყობს ხელს, ეს ამოვიკითხეთ ჩვენ ერთერთ ძირითად გზავნილად ევროკავშირის პოზიციაში, როდესაც ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია არის პოზიტიური და მოიხსენიებს ის ქვეყანას, როგორც რეფორმების ერთგულ ქვეყანად ეს უდაოდ პოზიტიური შეფასებაა,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ,
საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ევროკავშირის ანგარიშში ყველა ის მიმართულება მოხვდა, რომელიც თბილისისა და ბრიუსელის თანამშრომლობის დღის წესრიგს შეადგენს. ანგარიშის ავტორები დეტალურად აღწერენ 2019 წლის ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას. "საქართველოში კვლავ არსებობს გამოწვევები საარჩევნო რეფორმის, პოლიტიკური დიალოგისა და სასამართლო რეფორმის სფეროში. ქვეყანამ უნდა გამოხატოს რეფორმების გატარების მზაობა და გაანეიტრალოს მზარდი პოლიტიკური პოლარიზაცია," - ნათქვამია ევროკომისიის მიერ მომზადებულ დოკუმენტში, რომლის საკვლევი პერიოდიც 2019 წლის მარტიდან იწყება. ევროკავშირში ამბობენ, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით დააკვირდებიან და იგი გადამწყვეტი იქნება დემოკრატიისადმი ერთგულების დასადასტურებლად.