საოკუპაციო რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებას ქეთევან ციხელაშვილი აფასებს. ციხელაშვილის თქმით, იზოლაციაში მყოფ ოკუპირებულ ახალგორში რეპრესიები მიმდინარეობს, კერძოდ კი საგანმანათლებლო სისტემაში. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული ახალგორის პირველი საშუალო სკოლის დირექტორი და სოფელ იკოთის საშუალო სკოლის დირექტორი გაათავისუფლეს.
"ის, რაც ხდება ახალგორში, კიდევ მეტად ამცირებს მოსწავლეების მოტივაციას და შესაძლებლობებს, რომ სრულფასოვანი განათლება მიიღონ ისედაც დაცარიელებულ ახალგორში, რომელიც დღეს არის სრულ იზოლაციაში. ოკუპირებული ახალგორის პირველი საშუალო სკოლის დირექტორი ნინო ამირანაშვილი და სოფელ იკოთის საშუალო სკოლის დირექტორი მზია ფსუტური გაათავისუფლეს.
ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმ რეპრესიებისა, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს, მათ შორის საგანმანათლებლო სისტემაში. მოგეხსენებათ, რომ რუსიფიკაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და 7 ქართულ სკოლაში უკვე 6 წელია სასწავლო პროცესი ეტაპობრივად რუსულ ენაზე გადადის, რაც ქართველი მოსწავლეების განათლების ხარისხს მნიშვნელოვნად აზარალებს, რამდენადაც მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება აქვთ შეზღუდული," - აღნიშნავს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი.