თუ ოპოზიცია უმრავლესობის შეთავაზებას არ დათანხმდება, თებერვლის ბოლოს სახელისუფლებო გუნდი შეთანხმების ფანჯარას დახურავს. არჩილ თალაკვაძის ამ განცხადებას ოპოზიცია პასუხობს. აქციების ორგანიზატორები პოზიციას არ ცვლიან. მათი მთავარი მოთხოვნა ისევ პროპორციული სისტემაა. მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე, რომლის თარიღიც უცნობია, პარტიები ისევ იმავე შეთავაზებით მივლენ.
ხელისუფლების არგუმენტს, რომ საარჩევნო ცვლილებებისთვის დრო უფრო და უფრო ნაკლები რჩება და ოპოზიცია ან კომპრომისულ ვარიანტს უნდა დათანხმდეს და ან 2020 წლის არჩევნები არსებული სისტემით ჩატარდება, ნინო ბურჯანაძე პასუხობს. ”ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემები ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და ამის გამოსასწორებლად მმართველ გუნდს პარლამენტის საგანგებო სხდომების მოწვევაც შეუძლია:
"არანაირი სურვილი არჩევნების ჩაშლის, არჩევნებში არმონაწილეობის და ასე შემდეგ, არა გვაქვს. მაგრამ არც იმის სურვილი არ გვაქვს, რომ ბრძოლის გარეშე გამარჯვება მოიპოვოს ქართულმა ოცნებამ.
როცა უნდათ სასამართლო სხდომებს ნიშნავენ კვირაში 4-ჯერ და ლამის შაბათ-კვირას, პარლამენტის საგანგებო სხდომების მოწვევაც შეიძლება. გასაგებია, რომ ადრე ჯობდა მიგვეღო, ჩვენც ამის მომხრენი ვიყავით, მაგრამ ჩვენ არ ჩაგვიგდია 14 ნოემბერს ის კანონპროექტი,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნება" არაა ისეთ მდგომარეობაში, რომ ოპოზიციას ულტიმატუმის ენით ელაპარაკოს:
"ვფიქრობ, რომ "ქართულ ოცნებას" ახლა არანაირი ისეთი წონა არ აქვს, რომ აქეთ ულტიმატუმები წაგვიყენოს. თუ შეთანხმების გარეშე დასრულდა დიალოგი, ოპოზიციას აქვს როგორც საპროტესტო აქციები, ასევე თანამშრომლობა საარჩევნო კუთხით და რაც მთავარია, ჩვენ ვაპირებთ, რომ მოვაშოროთ ქვეყანას "ქართული ოცნება", როგორც საძაგელი ძალა, რომელმაც ამ სიღარიბეში და უკიდურეს პრობლემებში ჩაგვაგდო ყველა ერთად,"- აცხადებს ვაშაძე.
მოლაპარაკებების პარალელურად პროტესტის გაგრძელებას აპირებს "ლეიბორისტული პარტია". ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, გაზაფხულზე მსხვილმასშტაბიანი საპროტესტო აქციაც იგეგმება:
"ჩვენ ვაპირებთ მოლაპარაკების პარალელურად გავაგრძელოთ ბრძოლა აქტიური, მწვავე, მაგრამ პრინციპული და მშვიდობიანი ფორმის, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. სავარაუდოდ გაზაფხულზე იქნება მსხვილმასშტაბიანი საყოველთაო აქციაც, თუმცა კონკრეტული თარიღი ჯერ არ გვაქვს დათქმული,"- განაცხადა ჩხარტიშვილმა.
ავტორი: ლელა ჯავახიშვილი