გრიგორი კარასინის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ რუსეთის დელეგაცია თბილისში მაისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს, თბილისში პასუხობენ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ამბობს, რომ საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა და ის იმოქმედებს შესაბამისი წესდების მიხედვით.
"საქართველო, მოგეხსენებათ, არის ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. ჩვენ შესაბამისად, ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ ევროსაბჭოს სტატუსისა და მისი წესდების შესაბამისად. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ მუდმივად ვართ კონსულტაციების რეჟიმში როგორც ჩვენს პარტნიორებთან, ასევე თვითონ ევროსაბჭოსთან და მის სამდივნოსთან. რაც შეეხება თუ ვინ მიიღებს რუსეთის დელეგაციიდან მონაწილეობას შეხვედრაში, ამაზე საუბარი, ჯერჯერობით, ნაადრევია,“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ.
განცხადება კარასინმა რუსულ მედიასთან გააკეთა. კარასინს არ დაუკონკრეტებია, ჩამოვა თუ არა საქართველოში სერგეი ლავროვი.
მისი თქმით, ამ დროისთვის დელეგაციის შემადგენლობა უცნობია. ევროსაბჭოს სხდომის თბილისში გამართვასთან დაკავშირებით შესაძლო გართულებებს კარასინმა ხელოვნური პრობლემა უწოდა. რუსეთის საქართველოსთან მოლაპარაკებებში სპეციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს ასევე განუცხადა, რომ ამ ეტაპზე მოსკოვი ავიამიმოსვლის აღდგენას და სავიზო რეჟიმის გაუქმებას არ აპირებს.