საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ქეთევან ჭუმბაძემ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მსოფლიო ლიდერებს შეკითხვით მიმართა.
ის დაინტერესდა, როგორ ხედავენ პოლიტიკოსები ევროპაში არსებული კონფლიქტების გადაჭრის გზებს. პანელში კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი და ნორვეგიის პრემიერი ერნა სოლბერგი მონაწილეობდნენ. ქეთევან ჭუმბაძემ სებასტიან კურცს ისიც შეახსენა, რომ მან 2 წლის წინ, საქართველოში საოკუპაციო ხაზი პირადად მოინახულა.
"მე ქეთევან ჭუმბაძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დირექტორის მოადგილე ვარ. მე ვარ ქვეყნიდან, რომელიც არაკანონიერი ოკუპაციის პირისპირ იმყოფება. ჰუმანიტარული კრიზისია, რაც გამოწვეულია საოკუპაციო ხაზის არსებობით, ასევე ადამიანის უფლებების დარღვევით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. კანცლერი კურცი 2 წლის წინ საოკუპაციო ხაზს სტუმრობდა და იცის ადგილობრივ მოსახლეობას რა ვითარებაში უწევთ ყოფნა. მსურს ფოკუსირება მოვახდინო დასავლეთსა და დასავლურ ღირებულებებზე. ჩემი შეკითხვაა, თუ როგორ ხედავთ უსაფრთხო და მშვიდობიან ევროპას და როგორ გავუმკლავდეთ აღმოსავლეთ ევროპაში კონფლიქტს, რადგან ეს საბოლოოდ ჩვენი ევროპული ღირებულებების დაცვაა," - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ქეთევან ჭუმბაძემ.