საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა პარლამენტის წინააღმდეგ ნიკა მელიას სარჩელის არსებითი განხილვა დაასრულა. თითქმის 9-საათიანი პროცესი მხარეთა დასკვნითი სიტყვებით დასრულდა.
უცნობია, როდის გამოაცხადებს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას და ცნობს, თუ არა არაკონსტიტიუციურად პარლამენტის იმ დადგენილებას, რომლის საფუძველზეც მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ პარლამენტმა ნაადრევად მიიღო გადაწყვეტილება და წესით, ყველა ინსტანციის განაჩენს უნდა დალოდებოდა.
"წარიმართა ჯანსაღი პაექრობა, რამაც ჭეშმარიტება გამოავლინა და იმედი მაქვს, რომ ეს ჭეშმარიტება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში იქნება ასახული. ცხადია, რომ გასაჩივრების მექანიზმის ამოწურვის გარეშე, პარლამენტმა ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება მიიღო," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.
ნიკა მელიას ადვოკატის განცხადებით კი, პროცესში პლენუმის რვავე წევრი ძალიან აქტიურად იყო ჩართული, რაც შეეხება მოლოდინებს, ის იმედოვნებს, რომ სასამართლო ერთადერთ ჭეშმარიტ გადაწყვეტილებას მიიღებს.
"ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან საინტერესო და დინამიური პროცესი ჩატარდა. პლემუნის რვავე წევრი ძალიან აქტიურად იყო ჩართული და დასკვნითი სიტყვების შემდეგ კიდევ გაგვიმყარდა ის პოზიცია, რომელიც აქამდე გვქონდა. აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ აპრიორში უნდა მიიღოს ერთადერთი ჭეშმარიტი გადაწყვეტილება და უნდა გააუქმოს საქართველოს პარლამენტის არაკონსტიტუციური, პოლიტიკური მოტივით მიღებული გადაწყვეტილება," - განაცხადა ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა.