ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ახალი ტყის კოდექსის მიღებასა და სხვა ნორმატიულ აქტებში დადგეგმილ საკნონმდებლო ცვლილებას ეხმაურება, რომელიც ეკლესია-მონასტრებისთვის ტყის რესურსის გადაცემის შესაძლებლობას ადგენს.
ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნული ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპებს ეწინააღმდეგება, სტრატეგიული ბუნებრივი რესურსების მართვის და განაწილების უსამართლო პრაქტიკას ქმნის და წინასაარჩევნო პერიოდში ეკლესიის ლოიალობის მოპოვების შინაარსი უფრო აქვს.
EMC-ის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს ცვლილებათა პაკეტს, რომელმაც უნდა მოაწესრიგოს ტყის მართვასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები. ცვლილებები არაერთ საკანონმდებლო აქტს ეხება და მათ შორის გულისხმობს ახალი "ტყის კოდექსის" ამოქმედებას. ორგანიზაციისთვის მისასალმებელია, რომ სახელმწიფო ტყის როგორც ქვეყნისთვის განსაკუთრებული ფასეულობის მქონე რესურსის განკარვის და მართვის ახალ, კომპლექსურ საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობს.
"თუმცა, ამ პროცესში შეშფოთების საგანია "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის თანახმადაც "საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში" - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება პრობლემურია რამდენიმე მოსაზრების გათვალისწინებით:
"სახელმწიფო თავად აღიარებს ტყეს, როგორც ქვეყნისთვის განსაკუთრებული ფასეულობის მქონე რესურს, შესაბამისად გაუგებარია რა მიზანშეწონილობით გადასცემს სახელმწიფო ასეთი მნიშვნელობის მქონე რესურსს ამ მასშტაბით სხვა, კერძო სუბიექტს. არსებითია, სტრატეგიული რესურსები სწორედ სახელმწიფოს საკუთრებაში რჩებოდეს და მას საჯარო, კოლექტიური მიზნებისთვის იყენებდეს. ამგვარი რესურსის პრივატიზება დაუშვებელია და სუვერენულ ინტერესებთან მოდის წინააღმდეგობაში;
სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმება არ ითვალისწინებს ამ უკანასკნელისთვის ტყის რესურსებთან დაკავშირებით რაიმე სახის პრივილეგიას ან/და პირობას. კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებულია მხოლოდ ტაძრების, მონასტრების, მათი ნანგრევების და იმ მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემა, რომელზეც ეს ნაგებობებია განლაგებული. შესაბამისად, ეს ინიციატივა კონსტიტუციურ შეთანხმებასთანაც კი მოდის წინააღმდეგობაში, რომელიც ისედაც ექსკლუზიურ და გაუმართლებელ პრივილეგიებს აძლევს მართლმადიდებელ ეკლესიას და უთანასწორო გარემოს ქმნის სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიმართ და სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ჭარბ იდენტიფიციკაციას იწვევს;
იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დიდი მოცულობის მიწის ნაკვეთების გადაცემის პრაქტიკა ხშირად ეწინააღმდეგება ადგილობრივი მოსახლეობის ბაზისურ სოციალურ საჭიროებებს და ინტერესებს, არაერთ რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობის სამართლიანი უკმაყოფილებაც გამოიწვია. ცხადია, რომ ასეთი ბლანკეტური ჩანაწერის არსებობა კანონმდებლობაში კიდევ უფრო გაამარტივებს საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიისთვის უძრავი ქონების გადაცემას და შესაძლოა წარმოშვას სოციალური კონფლიქტის ახალი კერები.
სახელმწიფო კვლავაც განაგრძობს დომინანტი რელიგიური ორგანიზაციის მიმართ ლოალურ და უთანასწორო პოლიტიკას და საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სეკულარობის პრინციპის გვერდის ავლით კვლავაც უსამართლო პრივილეგიებს ანიჭებს მას. "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონში შესატანი ეს ცვლილება რელიგიურ გაერთიანებებს შორის არსებულ სამარლებრივ და ფაქტობრივი უთანასწორობის კიდევ უფრო გააღრმავებს და მისი კიდევ ერთი დადასტურება იქნება სახელმწიფოს მხრიდან.
მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დამატებითი პრივილეგიების გადაცემის ამ ინიციატივას სავარაუდოდ წინასაარჩევნო კონტექსტში საპატრიარქოს ლოიალობის მოპოვების ინტერესი აქვს და რელიგიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების ნიშნებს აჩენს," - აცხადებენ EMC-ში.
შესაბამისად, ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს მხარი არ დაუჭიროს "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონში შესატან ამ ცვლილებას და არ დაუშვას ტყის როგორც ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე რესურსის სეკურალიზმის პრინციპის უგულვებელყოფით, უსამართლოდ განკარგვა.