18 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
როცა ტიგრან დიდი პომპეუსთან მოლაპარაკებებს მართავდა, აზერბაიჯანი არც არსებობდა - ალიევმა და ფაშინიანმა ყარბაღის საკითხზე იკამათეს

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის განხილვისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანმა ისტორიაზე იკამათეს. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ყარაბაღს პანელი მიეძღვნა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამტკიცებდა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილია, და ამის დასამტკიცებლად ისტორიულ ფაქტებზე ისაუბრა.

"მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილია. ეს ისტორიული სიმართლეა. აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა მსოფლიომ აღიარა. ისტორიული თვალსაზრისით, 1805 წელს ყარაბაღის ხანმა, იბრაჰიმ ხანმა რუსეთის იმპერიის გენერალთან ციციანოვნთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ყარაბაღი, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი ყარაბაღის სომხურ მოსახლეობაზე. მას შემდეგ, რაც რუსეთის იმპერია დაინგრა და საქართველოს და აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკები დაარსდა, აზერბაიჯანის ტერიტორიები შემცირდა, ერევანი აზერბაიჯანიდან სომხეთს გადაეცა და სომხეთის დედაქალაქად გამოცხადდა. ესეც ისტორიული ფაქტია. ხოლო 1921 წელს ბოლშევიკური პარტიის კავკასიის ბიუროს გადაწყვეტილებით მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს დაუბრუნდა. დაბრუნდა და არა გადაეცა," - განაცხადა ალიევმა.

აღნიშნულს ნიკოლ ფაშინიანის პასუხი მოჰყვა. 

"ვთხოვდი პრეზიდენტ ალიევს, ძალიან არ ჩაუღრმავდეს ისტორიას, იმიტომ რომ როცა სომეხთა მეფე, ტიგრან დიდი რომაელ სამხედრო ლიდერთან პომპეუსთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, სამხრეთ კავკასიასა და მთელ მსოფლიოში ქვეყანა აზერბაიჯანი არ არსებობდა. ამიტომ, არ მგონია, სწორი იყოს ისტორიაში ასე ჩაღრმავება, რადგან მე უფრო ღრმადაც შემიძლია ჩასვლა და ქრისტეს შობამდე 400 წლიდან დაწყება. მაგრამ ამას არ გავაკეთებ. ბოლშევიკური პარტიის კავკასიის ბიურომ ყარაბაღი სომხეთს მიაკუთვნა. ამის შემდეგ მოსკოვმა ეს გადაწყვეტილება შეცვალა. ეს იყო შეთქმულება სტალინს, ლენინს და ათათურქს შორის. ყარაბაღი არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ნაწილი," - აღნიშნა ფაშინიანმა.

დღის ამბები