პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები დღეს ყოფილი გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის საკომიტეტო მოსმენას დაესწრებიან.
როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები აცხადებენ, მათ ირაკლი შოთაძესთან მწვავე შეკითხვები ექნებათ.
დამოუკიდებელი დეპუტატების შეფასებით, შოთაძის გენერალური პროკურორის პოსტზე დამტკიცების შემთხვევაში, პროკურატურა პოლიტიკური გავლენებიდან თავისუფალი ვერ იქმნება.
"კარგი იქნება, თუ ბიძინა ივანიშვილი გამოვიდოდა და საჯაროდ იტყოდა, რომ შოთაძე არის სწორედ მისი ფავორიტი კანდიდატი.
იცის თუ არა მან, იმ კანონის შესახებ, რომელიც კრძალავს ორჯერ ერთი და იმავე ადამიანის პროკურორად არჩევას, თუ პუტინ-მედმედევის სქემა იქნება?!" - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ.
"სამწუხაროდ, ეს პროცესი, ისევე როგორც მართლმსაჯულების პროცესი, ვხედავ რომ ისევ უკუსვლით მიდის და ისევ ზიანდება. პარლამენტში შოთაძის ხელმეორედ არჩევა, მე მგონია უკან გადადგმული ნაბიჯი და მე, მართლა ძალიან გული მწყდება," - აღნიშნა პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა ეკა ბესელიამ.
"ირაკლი შოთაძის ხელმეორედ წარდგენა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე არის არათანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი. ქართულმა ოცნებამ ვერ გამოიტანა გაკვეთილები და ისევ აგრძელებს იმ კურსს, რომ მაქსიმალურად ,მისთვის კომფორტული მოსამართლეები, პროკურორები სჭირდება და მაქსიმალურად კონტროლის ქვეშ ჰყავდეს სასამართლო ხელისუფლება," - განმარტა პარლამენტის დამოუკიდებელი წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა.
ირაკლი შოთაძეს დღეს პარლამენტში მოუსმენენ. გენერალური პროკურორობის კანდიდატი ორ საათში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარდგება. კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე კენჭი უკვე ხვალ უნდა ეყაროს.