პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" მდივნის გედევან ფოფხაძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ უცხადებენ საპარლამენტო უმცირესობის წევრები პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე ყოფილი გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის მოსმენას ბოიკოტს.
ფოფხაძის შეფასებით, ბოიკოტის რეჟიმი ირაკლი შოთაძეს კომფორტულ გარემოს უქმნის.
"ამ ვითარებაში ბოიკოტი, ყველაზე უფრო კომფორტული სიტუაციაა გენერალური პროკურორობის კანდიდატისთვის და მე ვერ ვხვდები ოპოზიციის ლოგიკას, ასეთ პროცესს ბოიკოტი რატომ უნდა გამოუცხადო.
როდესაც მოსამართლეობის კანდიდატების განხილვა იყო, იმ განხილვის პროცესში პროცესის ლუსტრაცია მოვახერხეთ. მეც არ მაქვს პასუხი, რატომ დასჭირდა ხელისუფლებას ირაკლი შოთაძის შემოყვანა მეორედ ამ პროცესში," - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.
პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრის ლევან გოგიჩაიშვილის შეფასებით კი, კანონით დაუშვებელია ერთი და იმავე ადამიანის მეორედ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნა.
"მეორეჯერ მისი კანდიდატურის კენჭისყრა, ეს არის კანონმდებლის სულისკვეთების უგულებელყოფა, რომელიც წერია კანონში, რომ არ შეიძლება ორჯერ ადამიანის გენერალურ პროკურორად არჩევა.
ჩვენ გვაქვს კითხვები ინსტიტუციებთან და კორუფციასთან მიმართებაში. მისი როლი როგორი იყო თავის დროზე, როდესაც იყო ადეიშვილის პროკურორი. რა შეიცვალა, მისი როგორც სახელმწიფო მოხელის სულისკვეთებაში, როდესაც ერთი ხელისუფლებიდან გადმობარგდა მეორე ხელისუფლებაში და იგივე ლოიალობით აგრძელებს, როგორც ჩანს ბატონის მსახურებას, როგორსაც მანამდე ახორციელებდა," - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
ამ წუთებში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ირაკლი შოთაძეს უსმენენ.