18 ნოემბერი 2024,   11:48
ვრცლად
ირაკლი შოთაძე ან ვერ შემოვა, ან შემოვა მნიშვნელოვანი პროტესტის ფონზე - აქცია-პეფორმანსი პარლამენტის შენობასთან

აქცია პარლამენტის შენობასთან - "ლელოს" წევრები და სამოქალაქო აქტივისტები ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად მეორედ დანიშვნის პროცესს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა შენობაზე სიმბოლურად ბოტასები ჩამოკიდეს

სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტში შესვლას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ მათზე იყო დაშვებული საშვები, თუმცა შენობაში შესვლის საშუალება მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.

"პოლიცია, რომელიც უნდა იცავდეს მოქალაქეებს გადაიქცა რეჟიმის დამცველად, ბიძინა ივანიშვილის ზოოპარკად გადაქცეული პარლამენტის მცველებად. ამას წარმოადგენენ ისინი სამწუხაროდ დღეს. აქ ვდგავართ, ველოდებით ბატონ შოთაძეს. თუ მას ეყოფა გამბედაობა, გადმოვიდეს და გაგვცეს პასუხი კითხვებზე, რომელიც აქვს სამოქალაქო აქტივისტებს," – აცხადებს კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის (CIMG) დამფუძნებელი და დირექტორი გიორგი კაპანაძე.

"სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ამბობს, რომ ირაკლი შოთაძე არ ვერ შევა პარლამენტის შენობაში, ან ძალიან მნიშვნელოვანი პროტესტის ფონზე მოუხდება შესვლა.

"ჩვენ ვდგავართ აქ აბსოლუტურად მშვიდობიანად და ათეულობით პოლიციელი მობილიზებულია აქ სულ რაღაც რამოდენიმე ადამიანისათვის, ნამდვილად არ ვიცი ვის ან რას იცავენ. ერთი რამ ზუსტად ვიცი, შოთაძე, რომელიც უნდა შემოვიდეს აი ამ კარებში, ის ან ვერ შემოვა, ან თუ შემოვა, შემოვა ძალიან მნიშვნელოვანი პროტესტის ფონზე," – აცხადებს ზვიად კუპრავა.

კიდევ ერთი პერფორმანსის ორგანიზატორი პარტია "ლელო" იყო. მათ განაცხადეს, რომ ყველა საქმე, რომელსაც პროკურატურა ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობის პირობებში იძიებდა, ეს საქმეები იყო გაყალბებული.

"ეს არის პროკურორი, რომელმაც დაადასტურა, რომ თითქოს და შემთხვევით შეესწრო ბიძინა ივანიშვილის სასახლეში ივანიშვილის მიერ დაშინების მცდელობას ქართული საზოგადოებისა. ჩვენ ვფიქრობთ, ვცდილობთ და აუცილებლად შევძლებთ იმას, რომ დავასრულოთ ბიძინა ივანიშვილის მმართველობა და რეპრესიული სისტემა დღეს," - განაცხადა პოლიტიკური მოძრაობა "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ირაკლი კუპრაძემ.

დღის ამბები