"მინდა კიდევ ერთხელ მივაწვდინო ხმა, ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს - თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ ყველა იმ სიკეთით ისარგებლოთ, რაც საქართველოში შევქმენით, ქვეყნის განვითარების და ევროპული ინტეგრაციის გზით. შეგიძლიათ იამაყოთ ამით და გამოიყენოთ ეს შესაძლებლობები,"- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშს წარდგენისას განაცხადა.
თალაკვაძის განცხადებით, საქართველო დღეს, ისევე როგორც არაერთხელ თავის ისტორიაში, რთული გამოწვევების წინაშე იმყოფება.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გრძელდება საქართველოს რეგიონების ოკუპაცია, რომლის შედეგებს ყოველწლიურად არ წყდება.
"საქართველო, ისევე როგორც არაერთხელ თავის ისტორიაში, რთული გამოწვევების წინაშე დგას. გრძელდება საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაცია, რომლის შედეგებს ყოველდღიურად ვაწყდებით ადამიანების გატაცების, მკვლელობების, კონტრაბანდის, გადაადგილების შეზღუდვის, უკანონო პატიმრობის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის და სხვა მძიმე დარღვევების სახით. ჩვენი პასუხი არის- ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაცია, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ეკონომიკური განვითარება, ენერგოუსაფრთხოება და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. რუსულმა ოკუპაციამ ეს რეგიონები დააყენა ჰუმანიტარული კრიზისის, სამხედრო ბაზებად გადაქცევის და მომავლის არარსებობის წინაშე.
ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წლის შემდეგ, რუსეთი, სამწუხაროდ, საქართველოში მავთულხლართების კედელს ინარჩუნებს, რომელიც ხელოვნურად ჰყოფს ადამიანებს. ეს კედელი არის დროის და საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ. ჩვენ ჩვენს აფხაზ ძმებს აუცილებლად დავიბრუნებთ და ეს თაობა შეძლებს ქვეყნის გამთლიანებას. მინდა კიდევ ერთხელ მივაწვდინო ხმა ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს: თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ ყველა იმ სიკეთით ისარგებლოთ, რაც საქართველოში შევქმენით, ქვეყნის განვითარების და ევროპული ინტეგრაციის გზით. შეგიძლიათ იამაყოთ ამით და გამოიყენოთ ეს შესაძლებლობები," - განმარტა არჩილ თალაკვაძემ.