დეპუტატები ირაკლი შოთაძის კანდიდატურას კენჭს აქციის ფონზე აღარ უყრიან. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტების აქცია პარლამენტთან უკვე დასრულებულია. დილიდან კი იყო შეძახილები, სირცხვილის კორიდორი და მსვლელობა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქციის მონაწილეებმა მასშტაბური პროტესტი თბილისსა და რეგიონებშიც დააანონსეს.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლებმა დაახლოებით საათნახევრის წინ დატოვეს. ლიდერების თქმით, ჯერჯერობით უცნობია როდის განახლდება პროტესტი და ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობას გააგრძელებენ.
დღეს მათი პროტესტის მიზეზი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის არჩევა იყო.
"ივანიშვილი ყოველდღიურად აყენებს შეურაცხყოფას ქართულ საზოგადოებას. შოთაძე არის დამნაშავე, რომელმაც ხელი დააფარა დამნაშავე პროკურორებს, ასევე მკვლელებს. მისი დაბრუნება მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ გაუშვა სახლში, არის შეურაცხყოფა," – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის გია ბარამიძის თქმით კი, აქციები 4 აპრილამდეც და 4 აპრილის შემდგომაც გაგრძელდება.
"4 აპრილს ჩვენ გვექნება ბევრად უფრო ფართომასშტაბიანი აქცია, სადაც დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე გამოხატავს თავის პროტესტს კიდევ უფრო ნათლად და ფიზიკურად ქუჩაში გამოსვლით ამ რეჟიმის წინააღმდეგ, მაგრამ აქციები ანალოგიური ხასიათის სხვადასხვა ფორმით ბუნებრივია გაგრძელდება 4 აპრილამდეც და 4 აპრილის შემდეგაც და ეს აუცილებლად დასრულდება ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებით," - განაცხადა გია ბარამიძემ.
ავტორი: დავით ცაგარელი