18 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მან გაიგო რაზე ვლაპარაკობდით - ხვიჩია თალაკვაძესთან შეხვედრაზე

მას შემდეგ, რაც ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მაგიდაზე აღარ ჯდება, "ქართულმა ოცნებამ" პარტიებთან ინდივიდუალური დიალოგი დაიწყო. ცნობილი ხდება, რომ უმრავლესობა უკვე შეხვდა რამდენიმე პოლიტიკურ ძალას.

"გირჩი" და "თავისუფალი საქართველო" ადასტურებენ, რომ არჩილ თალაკვაძეს მისივე ინიციატივით შეხვდნენ. მათი განცხადებით, განიხილეს თემები, რომელიც პოლიტიკური ვითარების განმუხტვას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას უკავშირდება.

უმრავლესობასთან ინდივიდუალურ დიალოგს არ ადასტურებს პარტიების ერთი ნაწილი. მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო", "ლელო" და "ლეიბორისტები."

მათი ნაწილი თვლის, რომ ხელისუფლების მიზანი ერთი იდეის გარშემო გაერთიანებულ ოპოზიციაში პოლიტიკური განხეთქილების შეტანაა.

"ამას წინათ შემომეხმიანა არჩილ თალაკვაძე და უბრალოდ, უნდოდა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემთან საუბრის გაგრძელება თუ დაწყება. რაზეც უარი არ მითქვამს, არც კი მიფიქრია, რატომ უნდა მეთქვა, თუ ადამიანს საუბარი აინტერესებდა ზოგადად. ჩემი მოსაზრება იყო, რომ თუ გვინდა რამე გავაკეთოთ, ხალხს არ უნდა ვიჭერდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, ეს უნდა დავამთავროთ, პოლიტპატიმრები გამოვუშვათ და მეორე - უნდა დაიდოს, თუ ის პირობა არა, რაც შეპირებული იყო, მასთან მიახლოებული პირობა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მან გაიგო რაზე ვლაპარაკობდით. ის, რომ ვერ გავაგებინეთ ერთმანეთს, ეგეთი რამე არ ყოფილა, ამის მერე რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, არ ვიცი," - განაცხადა პარტია "გირჩის" თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ.

აღნიშნულ თემაზე კრიტიკულ გამოხმაურებაზე კომენტარი გააკეთა პარტია "გირჩის" ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემაც. ჯაფარიძის თქმით, საშიშია, როდესაც რამე იმალება, "გირჩს" კი, დასამალი არაფერი აქვს.

"ალბათ ამბავი იმის გამო ატყდა, რომ ზოგადად ოპოზიციაშიც და ოპოზიციურ ამომრჩეველშიც წარსული ტრავმები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც ერთობები იყო და მერე იშლებოდნენ, ხელისუფლება ვიღაცას მოისყიდიდა და რაღაცა. არაფერი საშიში არაა, საშიშია, როცა რაღაც იმალება და ჩვენ დასამალი არაფერი არ გვაქვს," - განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები