სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ფემიციდის მიმართულებით საკანონმდებლო დონეზე ვითარება, ბოლო წლებთან შედარებით, გამოსწორდა, თუმცა როგორც ომბუდსმენი ამბობს, ახლა ყველა აქტორი, მათ შორის ხელისუფლებისა და ასევე მესამე სექტორის წარმომადგენლები უნდა გაერთიანდნენ და კონკრეტული პრევენციული ნაბიჯები დაგეგმონ.
ომბუდსმენი ასევე ამბობს, რომ ამ პროცესში განათლების სამინისტროს ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომელმაც ამ თემაზე საგანმანათლებლო პროექტების მომზადება სკოლის ასაკიდან უნდა დაიწყოს და ხელი შეუწყოს არაძალადობრივი პროცესებისა და გარემოს შექმნას მოზარდებში, რაც, შესაბამისად, გულისხმობს იმას, რომ მოზარდები დაძლევენ დისკრიმინაციულ განწყობებს ქალებთან დაკავშირებით და ასევე, კონკრეტული გენდერული სტერეოტიპებიც გაქარწყლდება.
"სამუშაო არის არა მხოლოდ ძალოვანი უწყებების მიერ, არამედ სამუშაო არის განათლების სექტორშიც. მოსახლეობის ცნობიერება უნდა შეიცვალოს, დამოკიდებულება სტერეოტიპული და დისკრიმინაციული დამოუკიდებლობა ქალთა მიმართ და რაც მთავარია, ქალებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ არსებობენ ინსტიტუციები, სადაც მათ შეუძლიათ მიიღონ დახმარება, მათ უნდა გაუჩნდეთ ნდობა ინსტიტუტების მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და ძალადობის მსხვერპლი ქალების ეკონომიური გაძლიერება იმიტომ, რომ როდესაც ქალს არა აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი, ის ითმენს ძალადობას და მათ შორის, ძალადობის შესახებ საჯაროდ საუბრის შემთხვევაშიც კი, მას არ აქვს შემდეგ პერსპექტივა, რომ მოძალადისაგან დამოუკიდებლად იცხოვროს," - აცხადებს ნინო ლომჯარია.