ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს აფასებს გია ვოლსკი.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ ის ვანო მერაბიშვილს დამნაშავედ აღიქვამს და ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, სად გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას.
"დავინახოთ, ვისთან გვაქვს საქმე. "დამხობა" ყველაზე რბილი გამოთქმაა იმ საქციელს თუ შევადარებთ, რისთვისაც მან მოიხადა სასჯელი და რაც არ მიაჩნია დანაშაულად. ვანო მერაბიშვილს თავის გუნდში ხედავს ოპოზიცია. მე ვხედავ ვანო მერაბიშვილს როგორც დამნაშავეს და სად იქნება, მნიშვნელობა არ აქვს. მან დანაშაული ჩაიდინა და მონანიების ნაცვლად, დიდ გულზეა და თითსაც იქნევს,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას ეხმაურება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი, რომელიც მისი თანაგუნდელების მსგავსად, მერაბიშვილის მიერ მედიასთან გაკეთებულ განცხადებებს აკრიტიკებს.
"მერაბიშვილი ციხიდან არ გამოსულა, რომ უკვე დამხობაზე გველაპარაკება. თავისთავად ცხადია, ქართველ ხალხს არ დავიწყებია ის დანაშაულები, რაც ბატონმა მერაბიშვილმა თავისი სააკაშვილის ხელმძღვანელობით ჩაიდინა, იგივე გირგვლიანის საქმის გაყალბება, იგივე "იმედის" ქონების მიტაცება, გელაშვილის ცემის ფაქტი და ა.შ. მათ, სამწუხაროდ, არ აქვთ განცდა, რომ დანაშაულები ჩაიდინეს და ამ დანაშაულებზე ელემენტარულად, ბოდიში მოიხადონ და ქართულ საზოგადოებას თვალებში ჩახედონ,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.