18 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
ვანო მერაბიშვილი თავისუფალია - რისთვის იხდიდა სასჯელს ყოფილი პრემიერი

ყოფილი პრემიერი და  ყოფილი შს მინისტრი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ციხეში გატარებული 6 წლისა და 9 თვის შემდეგ თავისუფალია. მერაბიშვილმა ე.წ მატროსოვის ციხე 20 თებერვალს, დილის 10 საათზე დატოვა.

 დასაქმების სახელმწიფო პროგრამისა და კვარიათის აგარაკის მისაკუთრების ეპიზოდები

ბრალდების მხარის მტკიცებით, ივანე მერაბიშვილმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დასაქმების სახელმწიფო პროგრამა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენა. ასევე, ბრალდების თანახმად, ივანე მერაბიშვილმა 2009 წლის მაისში კვარიათში კერძო პირის საკუთრებაში არსებული აგარაკი ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით და დაშინებით დაიკავა.

ივანე მერაბიშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ორივე ზემოაღნიშნულ ეპიზოდში და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვა

ბრალდების მტკიცებით, ივანე მერაბიშვილმა პოლიტიკური/თანამდებობრივი პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზნით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ დირექტორთან, დავით ახალაიასთან, და სხვა თანამდებობის პირებთან ერთად, პირადი მოტივით, წინასწარი განზრახვით დაფარა და შეცვალა სანდრო გირგვლიანის სიცოცხლისა და თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გარემოებების შესახებ არსებული და მოპოვებული მონაცემები, რის შედეგადაც დანაშაულის შემკვეთებმა და თანაამსრულებლებმა თავიდან აიცილეს ადეკვატური სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

მოსამართლემ მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ). ყოფილ პრემიერს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, ამნისტიის შესახებ კანონის შესაბამისად, მას ერთი მეოთხედი მოაკლდა და, საბოლოო ჯამში, მისი სასჯელი სამწლიანი პატიმრობით განისაზღვრა.

26 მაისის საპროტესტო აქციის დაშლა რუსთაველზე

ბრალდების მხარის მტკიცებით, 2011 წლის 26 მაისს სამართალდამცველებმა მშვიდობიან მომიტინგეთა მიმართ არათანაზომიერი ძალა გამოიყენეს. მომიტინგეებს ტერიტორიის დატოვების საშუალებაც არ მიეცათ, ვინაიდან გაცემული იყო ბრძანება, ჩაეკეტათ ყველა გასასვლელი ქუჩა და დაეკავებინათ მაქსიმალურად მეტი მომიტინგე, რათა მათ არ მისცემოდათ მიტინგის გაგრძელების შესაძლებლობა. ეს ბრძანება კი იმ დროინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა გასცა.

ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით) გათვალისწინებულ ბრალდებაში. საბოლოოდ ივანე მერაბიშვილს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მაგრამ სასჯელის ვადა შემცირდა და 4 წლითა და 6 თვით განისაზღვრა.

ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება

ვალერი გელაშვილზე 2005 წელს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისა და ცემის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილსა და ვანო მერაბიშვილს ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება ედებოდათ. 2016 წელს კი ვანო მერაბიშვილს 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ბრალდების მტკიცებით, გაზეთ "რეზონანსში" გამოქვეყნებული ინტერვიუს გამო, სადაც ვალერი გელაშვილმა მოქმედი პრეზიდენტის პირადი ცხოვრების შესახებ შეურაცხმყოფელი ფორმით ისაუბრა, მიხეილ სააკაშვილმა გელაშვილის დასჯა გადაწყვიტა და ეს შს მინისტრ ვანო გელაშვილს დაავალა. სოდ-ის თანამშრომლებისა და სპეცრაზმის მეშვეობით ვალერი გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება განხორციელდა. ცემის შედეგად გელაშვილმა სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.

აკურას საქმე

ბრალდების მტკიცებით, ივანე მერაბიშვილის და ზურაბ ადეიშვილის ორგანიზებით, მოქალაქეებს – თეიმურაზ მეგრელიშვილს და ნოდარ მოდებაძეს იძულებით დაათმობინეს თელავში მდებარე "აკურას" ღვინის ქარხანა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ივანე მერაბიშვილს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით  შეუმცირდა და განესაზღვრა 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა

სასჯელის შთანთქმის პრინციპით, მერაბიშვილს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. რომლის მოხდის შემდეგაც მან საპატიმრო დატოვა. 

კიდევ რა საქმეებზე ედავებიან ვანო მერაბიშვილს

 ამჟამად, სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და "ტელეიმედში" შეჭრის საქმის განხილვა მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მერაბიშვილს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.

"მუხროვანის ამბოხის" საქმეზე  ვანო მერაბიშვილის გასამართლებას გია კრიალაშვილის ოჯახი ითხოვს, რომელიც მუხროვანის სამხედრო ამბოხიდან 2 კვირის თავზე, პოლიციამ მოკლა. მათი თქმით, 2009 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ ამბოხების სცენარი დადგა და ის სამხედროები დასაჯა, რომლებიც მათ უკანონო ბრძანებებს არ ემორჩილებოდნენ. გია კრიალაშვილის და, ლია კრიალაშვილი აცხადებს, რომ იმ დროს ვანო მერაბიშვილის გაკეთებული განცხადება, რომ მას ორი გვამი სჭირდებოდა, ლიკვიდაციის პირდაპირი ბრძანება იყო. მისი თქმით, საქმე უკვე 7 წელია პროკურატურაშია, თუმცა ამ საქმეზე ვანო მერაბიშვილი არ გაუსამართლებიათ.

მოამზადა: ნინო ზედგენიძემ

დღის ამბები