პოლიტიკური პარტია "გირჩის" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლასა და მის განცხადებაზე პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ჯერ გაურკვეველია რა ნაბიჯებს გადადგამს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ითანამშრომლებს თუ არა მასთან, თუმცა "გირჩი" ოპოზიციური ფლანგის ერთიან ხედვაზე მუშაობას აგრძელებს.
"გირჩის" ლიდერი ვანო მერაბიშვილის იმ განცხადებასაც ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ის ხელისუფლებას "წლის ბოლომდე დაამხობს".
"შვიდი წელი იჯდა ადამიანი. როგორც გავიგეთ, აპირებს პოლიტიკურ აქტიურობას, ჯერ გაურკვეველია კონკრეტულად რას იზამს. ჩვენ, "გირჩი", ვაგრძელებთ იმის კეთებას, რაც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი აზრით - ოპოზიციური ფლანგის ერთიან ხედვაზე მუშაობას, დანარჩენს დრო გვიჩვენებს.
ხელისუფლება რომ შესაცვლელია, მაგაზე სრული კონსენსუსია ოპოზიციურ ფლანგზე. ვიღაცებს ჰგონიათ, რომ თუ უფრო "მკაცრ" და მყვირალა ტერმინებს გამოიყენებენ, ამით უფრო მეტ მხარდამჭერს მოიპოვებენ ბრძოლაში. მე ასე არ მგონია, მაგრამ ტერმინები მათი არჩევანია," - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
ყოფილმა პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს დატოვა.