საქართველოს სამი ახალი ელჩი ჰყავს - თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია გერმანიაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას უხელმძღვანელებს, დიდ ბრიტანეთში კი საქართველოს წარმომადგენელი "ქართული ოცნებიდან" წასული სოფიო ქაცარავა გახდა, საბერძნეთში ელჩის ფუნქციების შესრულება დავით დონდუას ანდეს. დონდუა წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდეობას იკავებდა.
ლევან იზორიას გერმანიაში ელჩად დანიშვნას ოპოზიცია მთავრობის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებად აფასებს.
როგორც პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრი ირაკლი აბესაძის თქმით, მსგავსი რეპუტაციის მქონე ადამიანის ელჩებად დანიშვნა ევროპულ სახელმწიფოში ძალიან ცუდი სიგნალია.
"მნიშვნელოვნად გამწვავებულია საერთაშორისო რეაქციები, საქართველოში მიმდინარე არადემოკრატიული პროცესების, არაჯანსაღი პოლიტიკური პროცესების გამო, რა თქმა უნდა, ასეთი რეპუტაციის მქონე ადამიანის დანიშვნა ერთ-ერთ წამყვან ევროპულ სახელმწიფოში არის ძალიან ცუდი სიგნალი სახელმწიფოს მხრიდან და ნამდვილად არ შეუწყობს ხელს ამ სახელმწიფოების წარმოდგენის უკეთესობისკენ შეცვლას საქართველოში არსებულ მძიმე დემოკრატიულ პროცესებზე," – აცხადებს ირაკლი აბესაძე.
პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ საელჩოები ჩამოწერილი პოლიტიკოსების თავშესაფარად არის ქცეული.
"საელჩოები გადაიქცა ჩამოწერილი პოლიტიკოსების თავშესაფარად. ამ დანიშვნებითაც ძალიან კარგად ჩანს, თუ როგორ იცის ბიძინა ივანიშვილმა მოსყიდვა ადამიანების სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე და ვინც მას მოემსახურება კარგად პოლიტიკურად, ის დასაჩუქრდება. ერთ-ერთი საჩუქარი გამოვიდა აი ეს დანიშვნები, მათ შორის დავუშვათ ხმაურიანი წასვლა ქალბატონ ქაცარავასი პარლამენტიდან და აღმოჩნა, რომ ეს ყოფილა პირიქით გარიგება ხელისუფლებასთან," - განაცხადა რომან გოცირიძემ.