აჭარის ტელევიზიის შენობასთან მოძრაობა "გაბედეს" წევრებმა საბჭოთა პერიოდის მედლები მიიტანეს.
აქციის მონაწილეები აჭარის ტელევიზიის შენობაში შესვლას და მედლების გადაცემას არხის დირექტორის, გიორგი კოხრეიძისა და სამეურვეო საბჭოს წევრებისთვის გეგმავდნენ, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა შესვლის უფლება არ მისცეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, საბჭოთა სიმბოლოები მათთვის დირექტორსა და ბორდის წევრებთან ასოცირდება.
შეგახსენებთ, აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები აცხადებენ, რომ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ხელისუფლების სასარგებლოდ არხის დირექტორი გიორგი კოხრეიძე ცდილობს.
"მოძრაობა" გაბედეს ერთ-ერთი აქტივისტი აღნიშნავს, რომ ტელევიზიაში შესვლას მათ დაცვა უკრძალავთ.
"სრული უფლება გვაქვს ჩვენ, რომ ამ ტელევიზიაში შევიდეთ, მაგრამ დაცვა არ გვიშვებს შიგნით ჩვენ გვინდოდა, რომ მშვიდობიანად შევსულიყავით და გადაგვეცა პოლიტსაბჭოს წევრებისთვის მედლები და გაზეთი "კომუნისტი". მედლები უნდა გადაგვეცა იმისთვის, რომ ერთგულები არიან "ქართული ოცნების" და ერთი პარტიის დავალებას ასრულებენ მხოლოდ,"- განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.
"მოძრაობა" გაბედეს აქტივისტი ანი გურგენიძე აცხადებს, რომ ტელევიზია არ უნდა იყოს სახელმწიფოსგან მართული.
"არ გვინდა, რომ კოხრეიძე ან ვინმე ბორდის წევრები მართავდნენ ტელევიზიებს და იყოს სახელმწიფოსგან მართული. მოვედით, რომ სოლიდარობა გამოგვეცხადებინა და მოვიტანეთ გაზეთი კომუნისტი და ჩინმედლები, იმის ნიშნად რომ მათ უნდათ დაგვაბრუნონ კომუნისტურ პერიოდში,"- განაცხადა ანი გურგენიძემ.