ოკუპანტების მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის 2 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი წილკანში იმყოფებოდა, სადაც ტატუნაშვილების ოჯახი ცხოვრობს. გიორგი გახარიას თქმით, ტატუნაშვილის გმირობის მიზანი ქვეყნის გაერთიანება იყო და ეს შრომით და მშვიდობიანად უნდა მოხდეს:
"მხარდაჭერას, რომელიც დღეს არსებობს, მომავალშიც გავაგრძელებთ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თანამდებობას, ეს ჩვენი მოქალაქეობრივი ვალდებულებაა. ის, რაც არჩილ ტატუნაშვილმა ჩაიდინა, იყო ბოლო წლების განმავლობაში გმირობის უდიდესი მაგალითი. სამშობლოსთვის გმირულად, თავდადებით მოკლული ადამიანის ხსოვნა არის ის, რაც უნდა გვაერთიანებდეს. ეს ქვეყანა ყველასია და ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები ჩვენს ცხოვრებაში აღარ იყოს. ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა, ხიდები აღვადგინოთ. ჩვენი საბოლოო მიზანი არის ის, რაც იყო არჩილ ტატუნაშვილის გმირობის მიზანი - ქვეყნის გაერთიანება. მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ შრომით, მშვიდობიანად და არა მსხვერპლით, ომით და უბედურებით,"- განაცხადა გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა სხვა თემებთან დაკავშირებით მედიის კითხვებს არ უპასუხა:
"მოდით შევთანხმდეთ დღეს პატივს მივაგებთ საქართველოს ისტორიაში გმირობის ბოლო ფაქტის ჩამდენ ადამიანს, სხვა კითხვები მოდით სხვა დროს დავსვათ," - აღნიშნა გახარიამ.