დღეს წილკანში ქართველი გმირის არჩილ ტატუნაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა, სადაც მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და პოლიტიკოსები იმყოფებოდნენ.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით ტატუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა საქართველოს სახელმწიფოსთვის პრინციპული საკითხია:
"ჩვენთვის ამ საქმის გამოძიება და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა არის უმთავრესი საკითხი, რომელიც შეიძლება არ მოსწონს მავანს, მაგრამ სხვაგვარად წარმოუდგენელია, ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი. საერთაშორისო სარჩელიც არის ამ საქმეზე, რომელიც შეტანილი იქნა 2018 წლის აგვისტოში კოლექტიურად და ამ სარჩელში ეს ტრაგედიები, ისევე როგორც სხვა მძიმე დარღვევები, რასაც ადგილი აქვს განგრძობითი ოკუპაციის პირობებში, არის შეტანილი და ეს საქმე არის მიმდინარე," - განაცხადა ციხელაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ აუცილებლად დადგება ის დღე, როდესაც ტატუნაშვილის მკვლელები დაისჯებიან. სუბარის თქმით, ამის მთავარი გარანტია არის ის მკაფიო და მტკიცე ერთიანობა, რასაც მთელი მსოფლიო იჩენს ოკუპაციის წინააღმდეგ
"ცხადია, რომ მათი დასჯა ძალიან ძნელი იქნება მანამ, სანამ ქვეყნის ტერიტორია არის ოკუპირებული და მკვლელები არიან ოკუპანტები, თუმცა აუცილებლად დადგება ის დღე როდესაც ეს ადამიანები დაისჯებიან,ამის მთავარი გარანტია არის ის მკაფიო და მტკიცე ერთიანობა, რასაც მთელი მსოფლიო იჩენს ოკუპაციის წინააღმდეგ და რაც მოჰყვა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გამოქვეყნებას. იმიტომ რომ ყველა ის ადამიანი,რომელიც ამ სიაშია და ეს სია შეიძლება გაიზარდოს გამოძიების კვალდაკვალ, არიან მოხვედრილი მთელი დემოკრატიული და ცივილიზებული მსოფლიოს შავ სიებში," - აღნიშნა სუბარმა.